მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ინფორმაცია, რომელიც ჟურნალისტებისთვის დაიხურება

არასამთავრობოები საჯარო ინფორმაციის შეზღუდვის ინიციატივას ეწინააღმდეგებიან

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორისა და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარის მითითებით სასამართლოდან ინფორმაციის გაცემის წესი იცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ ჟურნალისტები ვეღარ შეძლებენ  ნასამართლეობის შესახებ  ინფორმაციის მიღებას.  ინიციატორები ამას საჯარო ინფორმაციის ახალ სტანდარტებს უწოდებენ. არასამთავროებს კი არ ესმით რას ემსახურება ეს ცვლილება. აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით მეტრონომ ჯი მონიტორინგის ცენტრ “მონიტორის” დამფუძნებელ ლევან ხაბეიშვილს ესაუბრა.

“ეს გადაწყვეტილება არის უკანონო. სასამართლოს გადაწყვეტილება არის საჯარო და ამის დაფარვა და დამალვა არ შეიძლება. ჩემი აზრით,  ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. არგასაჯაროება ემსახურება იმას, რომ თანამდებობის პირების დიდ ნაწილს წარსულში კანონთან პრობლემები ჰქონდა. რამდენჯერმე ეს გამოაშკარავდა და მათ ამიტომ დისკომფორტი აქვთ. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს ეს ინფორმაცია დახურონ. მაგალითად გასაჯაროვდა 2010 წელს გამოტანილი გელა ჩივიაშვილის (მერიის სოციალური სამსახურის უფროსი) განაჩენი და ის გასამართლებულია თაღლითობის მუხლით, ბიუჯეტის თანხების მითვისებისთვის. ასევე მთაწმინდის გამგეობაში მუშაობდა ვინმე სანაძე, რომელიც ასევე ნასამართლევია და ეს ფაქტიც გასაჯაროვდა. საერთოდ, გაირკვა რომ მთავარი პროკურორიც კი ნასამართლევი იყო და გასაკვირი არაა, რომ ძირითადად ასეთები არიან თანამდებობებზე. ასეთი ფაქტების დაფარვა რომ მოხდეს ამიტომაც უნდათ დახურონ ეს ინფორმაცია. ეს არის ხელისუფლების ინტერესი. “- განაცხადა მეტრონომ ჯისთან ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი ამ კანონ-პროექტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს სასამართლოში არსებულ ვითარებაზე, კერძოდ, საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალ სტანდარტებზე, საქმეთა ნაკადის მართვის, მოსამართლეთა დატვირთულობის ზრდისა და სხვა პრობლემატურ საკითხებზე.

სასამართლოს თავმჯდომარემ და მენეჯერმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით ახალი რეგულაციები, რაც გულისხმობს სამომავლოდ რეკომენდაციების შემუშავებას საჯარო ინფორმაციის გაცემის კუთხით. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს მოსაზრებები აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. არასამთავრობოებმა გამოთქვეს მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ და მონაწილეობა მიიღონ საჯარო ინფორმაციის გაცემის ახალი სტანდარტების შემუშავებაში.

 

 

 

 

იტვირთბა....