„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიაჩია გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „უნდა გვახსოვდეს, რომ სამი წლის წინ ჩვენ ყველამ გაგვწირა ომისა და ნგრევისთვის, გაგვწირეს უცხოელებმა, გაგვწირეს „ენჯეოებმა“, ოპოზიციამ, ასეთი ადამიანების ხელისუფლებასთან გაკარება დაუშვებელია“.
ხვიჩიას თქმით, 2022 წელს თავად პაპუაშვილი ჩავიდა ბუჩაში დელეგაციასთან ერთად და მას აქვს კითხვა – თუკი ეს ომში ჩათრევა იყო, რატომ მიუძღოდა წინ 2022 წელს ბუჩაში წასულ დელეგაციას შალვა პაპუაშვილი?
„ისევ პაპუაშვილს თუ დავესესხებით, გამოდის, რომ პაპუაშვილი ომში ჩათრევას ეძახის, როდესაც მეგობრებმა ურჩიეს, სანქციებს შეუერთდითო, სრულიად საჯარო ფაქტი იყო, მთელი სამყარო გაიძახოდა – სანქციებს ვუერთდებით, არ ვუერთდებით, ამაზე ძალიან დიდი დისკუსიები იყო, მოგეხსენებათ. შესაბამისად, ეს იქნა მონათლული, როგორც ომში ჩათრევა და ამის გაგრძელებაა მგონი, რაც ილაპარაკა, რომ ადრე ჩვენ სანქციების დაწესებას ვიღაც გვთხოვდა. შეიძლება შეცდომით, შეიძლება ეს არასწორი იყო, მაგრამ ამის მონათვლა, რომ ომში მიგვათრევდნენ, ყველა ჩვენ დაგვიპირისპირდა, ჩვენი დამხობა უნდოდათ…
რა ვიცი, მაშინ მთელი სამყაროს დამხობა სდომებიათ, რადგან ყველას მოუწოდებდნენ და იმ პერიოდში ეს ერთგვარი სამარკო ნიშანი იყო საჯარო პოლიტიკის.
სანქციის დაწესებას მართალია ბევრი ჩვენი კოლეგა ითხოვდა, ჩვენ არ ვიყავით მათ რიგებში, რადგან არ გვინდოდა, ზოგადად ამ სანქციებამდე საერთოდ საქმე მისულიყო. რაც შეეხება მოხალისეების გაგზავნას, მოხალისე იმიტომ არის მოხალისე, რომ შენ კი არ უნდა გააგზავნო, ხელი არ უნდა შეუშალო, ალბათ უფრო კორექტული იქნებოდა ეთქვა, რომ ხალხი გვთხოვდა, მოხალისეებს ხელი არ შეუშალოთო.
2022 წელს შალვა პაპუაშვილი თვითონ ჩავიდა კიევში. ბუჩაში იყო ჩვენი დელეგაცია, მათ შორის ჩვენც ვმონაწილეობდით ამაში. შესაბამისად, თუ ეს ომში ჩათრევა იყო, ბატონი შალვა პაპუაშვილი რატომ მიგვიძღოდა წინ ომში ჩასათრევად 2022 წელს, ეს კითხვაც მაქვს, სხვათა შორის“,- განაცხადა ხვიჩიამ.