ახალქალაქის ცენტრში, ცენტრალური პარკის მიმდებარედ სისხლიანი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ახალგაზრდების დაპირისპირების შედეგად 27 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა. როგორც სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა, ბესიკ ამირანაშვილმა განაცხადა, ახალქალაქში მკვლელობის ფაქტის შემდეგ შექმნილ ვითარებას სამართალდამცველები სრულად აკონტროლებენ. ამის შესახებ მან “პირველს არხს” განუცხადა. მისივე თქმით, მკვლელობასთან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.
„ახალქალაქის რაიონში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი, რის შემდეგაც გარდაცვლილის სოფლელები ქალაქში გაიშალნენ და კიდევ ჰქონდა პატარა კრიმინალურ შემთხვევებს ადგილი. პოლიციის ძალები ამ წუთებში ემატება, სრულად არიან მობილიზებული.
ქალაქში მდგომარეობა კონტროლს ექვემდებარება, არის დაძაბულობა, მაგრამ პოლიციური ძალები ემატება კვლავ და სიტუაცია აყვანილია კონტროლზე. არის ჩვეულებრივი კრიმინალური შემთხვევა. ასევე, მოხდა სასტუმროს დაწვა. მკვლელის ახლობლები არიან თუ არა, ამას ვერ დაგიდასტურებთ ამ წუთებში. სავარაუდოდ, ლოგიკურად, ასეა – მკვლელთან კავშირში უნდა იყვნენ. მათთვის, გარდაცვლილის ახლობლებისთვის ასე იყო ცნობილი და ამიტომ მოხდა ეს ფაქტი. ზუსტად ამ მკვლელობის გაგრძელებაა, სხვა შემთხვევა არ არის. სასტუმრო ბრალდებულის პირადი საკუთრება არ არის, თუმცა შესაძლებელია, იყო მისი ნათესავის. ამაზე ზუსტად ვერ მოგახსენებთ. ყოველ შემთხვევაში, გარდაცვლილის ახლობლებს ასე ეგონათ, მაგრამ არის თუ არა ზუსტად, ახლა არ მაქვს ეს ინფორმაცია. მანამდე, კონფლიქტს წინაპირობაა ჰქონდა თუ არა, არც ეს ვიცი. მხოლოდ ის ვიცი, რომ ახალქალაქში მოხდა კრიმინალური შემთხვევა, გვყავს გარდაცვლილი, გარდაცვალების შემდეგ დაღუპულის ახლობლებმა დაწვეს ეს უძრავი ქონება.
შსს აკონტროლებს ახალქალაქში ვითარებას, როგორც კრიმინალური პოლიციის ძალები, ასევე საპატრულო პოლიცია, ასევე საგანგებო სიტუაციების სამსახური. არიან მობილიზებული ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები. მათ კიდევ ემატება რაოდენობა და მაქსიმუმად კონტროლზე ხდება აყვანა.
“ამ დროისთვის, დაკავებული არ გვყავს, თუმცა პოლიცია ამ მიმართულებითაც მუშაობს. პოლიცია მუშაობს, როგორც კონტროლის დასამყარებლად, ასევე კრიმინალური შემთხვევაში მონაწილე პირების დადგენა- დაკავების მიზნით“ – განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 236-ე მულით დაიწყო. რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა- შენახვა – ტარებას გულისხმობს.