კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ოჯახის ადვოკატი, მაია ნიკოლაიშვილი აცხადებს, რომ არსებობს მტკიცებულება, რომლის მიხედვითაც „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” ექიმებს ოპერაციის გაკეთების დროს შესაბამისი ლიცენზია არ გააჩნდათ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ორი წელია დაზარალებული ნათია ცირეკიძე კომატოზურ მდგომარეობაშია. მშობლები განადგურებულები არიან. მივესალმები, სახელმწიფო ბრალდებას, რადგან ბრალი წაუყენა იმ უკანონო ქმედებიდან გამომდინარე, რაც მათ ჩაიდინეს. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო დასკვნა, სადაც ადასტურებს, რომ სწორედ იმ პირებს, ბატონ ყიფიანს, ლობჟანიძეს, ხოჭოლავას, ყველას დანაშაული აქვს ჩადენილი, რადგან მათ არ გააჩნდათ ლიცენზია. ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო უტყუარი მტკიცებულება, რომ ოპერაციის პერიოდში მათ ლიცენზია არ ჰქონდათ. ახლა თუ გაჩნდა ლიცენზია, ისმის კითხვა, საიდან აღმოჩნდა დღეს, რა ხრიკებით, მე ვერ დავკონკრეტდები,”- აცხადებს ადვოკატი.
მისივე თქმით, ოპერაციის შემდგომ, დაახლოებით 40 ოპერაცია ჩატარდა. შესაბამისად, რისკის ქვეშ დადგა იმ 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორის და ამავე კლინიკის დაკავებული ექიმის ადვოკატი სალომე ჯანუაშვილი კი აცხადებს, რომ არსებული ბრალდება ექიმების მიმართ „შეკერილია“.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.
ჯანდაცვის სამინისტრომ დაგვიდო დასკვნა, სადაც ადასტურებს, რომ სწორედ იმ პირებს, ბატონ ყიფიანს, ლობჟანიძეს, ხოჭოლავას, ყველას დანაშაული აქვს ჩადენილი