„თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორის და ამავე კლინიკის დაკავებული ექიმის ადვოკატის, სალომე ჯანუაშვილის განცხადებით, არსებული ბრალდება ექიმების მიმართ „შეკერილია“. ამის შესახებ ადვოკატა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა.
ადვოკატის თქმით, არსებული ბრალი არ შეესაბამება სისხლის სამართლის დანასაულს და მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების არცერთი ფორმა უნდა გამოიყენოს.
„წარმოუდგენელ რამეს ამბობს დაზარალებული მხარე, არსებობს თარიღი, არსებობს ლიცენზია, ჯანდაცვის სამინისტრო და ის უწყებები, რომელმაც ეს ლიცენზიები გასცა. წარმოუდგენელია რაიმე ჩარევა ყოფილიყო და ლიცენზიები ახლა გაეცათ. ამიტომ, ეს იგივენაირი აბსურდია, როგორც ეს სისხლის სამართლის საქმე ამ სამი ადამიანის მიმართ შეკერილი, წარმოებული. ეს არის სრული აბსურდი ყოველგვარ სამართლებრივ, შინაარსობრივ და ლოგიკურ საფუძველს მოკლებული“, – განაცხადა სალომე ჯანუაშვილმა.
შეგახსენებთ, პროკურატურის ინფორმაციით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, სამსახურეობრივი გულგრილობის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობისა და უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, „თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს” დირექტორი გ.ლ. და ამავე კლინიკის ექიმი ვ.ყ. დააკავეს, ხოლო უკანონო საექიმო საქმიანობის ფაქტზე მ.ხ.-ს მიმართ დაუსწრებლად იქნა გამოტანილი დადგენილება ბრალდებულად პასუხისგებაში მიცემის შესახებ.
პროკურატურის ინფორმაციით, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში“ პაციენტს ოპერაცია იტალიიდან მოწვეული ექიმების ნაცვლად, შესაბამისი ლიცენზიის არმქონე პირებმა გაუკეთეს.