გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, რომელიც აშშ-ის საელჩოსთან აქციას მართავს, პანკისის სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი შეუერთდა.
მაჩალიკაშვილი 23 წლის გოგონას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აკისრებს:
“სოლიდარობას ვუცხადებ ოჯახს და როგორც ჩემ საქმესთან დაკავშირებით, ისევე ამ ადამიანების გვერდით ვიქნები. რასაც შევძლებ, ყველაფერს გავაკეთებ, სიცოცხლეს არ დავზოგავ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ იმ ბავშვის მკვლელები იყვნენ დასჯილები. რაც არ უნდა ილაპარაკონ, ზუსტად ვიცი, ეს არის პირდაპირ ამ ხელისუფლების ხერხემლის – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დანაშაული, სახელმწიფოს დანაშაული. აქ სხვა ორი აზრი არ არის. თვითმკვლელობა, ნარკოტიკები – ათას რამეს დააბრალებენ როგორც მე დამაბრალეს, როგორც ჩემ შვილს დააბრალეს. ამ ხელისუფლებას ეს ჩვევია. ამათ კაცური და ღირსეული რესურსი ამოწურული აქვთ და რაც დარჩენიათ, ეს არის ნაძირლობა, უნამუსობა, უსინდისობა. ყველაფერზე მიდიან, ოღონდ ხელისუფლება შეინარჩუნონ. სხვისი შვილების ბედი სულ ფეხებზე ჰკიდიათ“, – განაცხადა მაჩალიკაშვილმა.
გარდაცვლილი 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან აქციას მართავენ.
პროგრამისტის დედამ დღეს აშშ-ის ელჩს მიმართა და გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვა კიდევ ერთხელ მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.