“მქონდა ეჭვი, რომ იყო ერთ-ერთ ჩინოსანზე, სახელი და გვარი არ ვიცი, ვიღაცის ფაილებში შეაღწია ბავშვმა, მაგრამ ჯგუფური თუ იქნებოდა, ეს ვერ წარმომედგინა. სამი? ეს ხომ ნამეტანია”, – ამის შესახებ 23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა აცხადებს.
თეონა თამაზაშვილის თქმით, მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ბაჩალიაშვილმა 3 მაღალჩინოსნის ფაილებში შეაღწია.
“40 კილო კაფანდარა გოგოსთვის ეს ნამეტანია, რომ 3 ამხელა გველეშაპი გაერთიანდა, რომ მოეშორებინათ ერთი კაფანდარა გოგო მოტყუებით, როცა შეეძლოთ დაეშინებინათ, რომ უბრალოდ ეცოცხლა ჩემს შვილს და ამხელა ამბავიც არ ატყდებოდა”, – ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ასევე, ბაჩალიაშვილის დედა დახმარებას პროგრამისტებს სთხოვს.
ბაჩალიაშვილების ოჯახი პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრას ითხოვს.
ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე ახალი დეტალი ხდება ცნობილი. სატელეფონო ზარები გაშიფრულია, ხოლო ბოლო ზარი ვინმე დავით ქოიავასგანაა შესული.
შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. 29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, კრიმინალურ თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.