დამოუკიდებელი ექსპერტიზის ალექსანდრე გეჯაძის განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სამხარაულის საექსპერტო ბიურო გამოძიებას სთხოვს, საქმეში სამი ექიმ-კლინიცისტი ჩაერთოს. მისი თქმით, ექიმ-კლინიცისტების საქმეში ჩართვა აუცილებელია იმისათვის, რომ კონკრეტულ კითხვებს გაეცეს პასუხი.
“სამხარაულის საექსპერტო დაწესებულებამ გამოძიებას მისწერა წერილობითი თხოვნა და სთხოვა, გამოყოს ექსპერტთა კომისია და მოიწვიოს სამი ექიმ-კლინიცისტი, კერძოდ: ნეიროქირურგი, ნერვოპათოლოგი და კრიტიკული მედიცინის სპეციალისტი.
მათი პოზიცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავადგინოთ, ჰქონდა თუ არა შაქარაშვილს გადაადგილების შესაძლებლობა, ჰქონდა თუ არა მას ტრავმული შოკი.
ჩვენი ნევროლოგიც ჩართულია, თუმცა ამ ეტაპზე ვერანაირ დამატებითი ინფორმაციას ვერ ვიტყვი. თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან ამ კუთხით. ცალსახად ვადასტურებთ, რომ არანაირი ქალა ფუძის მოტეხილობას ადგილი არ ჰქონია.
ჩემი ღრმა რწმენით ადგილი უნდა ჰქონოდა, ქალა ტვინის ტრავმას, თავის ტვინის შერყევის სახით. ვნახოთ ჩემს პოზიციას გაიზიარებენ თუ არა ნეიროქირურგები, ნევროლოგი, სამხარაულის საექსპერტო დაწესებულების წარმომადგენლები. ყოველ შემთხვევაში ეს სამომავლო მსჯელობის საგანია” – განაცხადა ალექსანდე გეჯაძემ.
ცნობისთვის, დღეს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ექვსი არასრულწლოვნის წინასასამართლო სხდომა იმართება.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.