გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე აცხადებს, რომ სასამართლო სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზეა დამოკიდებული და დაუშვებელია სასამართლო ვინმეს ზეწოლის შედეგად მოქმედებდეს.
„სამწუხაროა, რომ დაღუპულია 19 წლის ბიჭი, ეს მთელი საქართველოს ტრაგედიაა, მაგრამ ამავდროულად უნდა ვთქვათ, რომ სახელმწიფო სიძლიერე პირველ რიგში არის მის სასამართლოს დამოუკიდებლობაში, რაც სახეზე არ არის. სამწუხაროდ, სასამართლო დამოკიდებულია სხვადასხვა პოლიტიკურ მოვლენებზე. არ შეიძლება სასამართლომ იმოქმედოს ვინმეს ზეწოლის შედეგად. რაც შეეხება ბრალის დამძიმებას, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ვერანაირად ვერ დაუმძიმდება ბრალი, რადგან ამის ყველანაირი საფუძველი მაქვს. ერთი მარტივი მიზეზის გამო თუნდაც, რომ გამოძიების მხრიდან თენგო ბარბაქაძის მიმართ ამ კუთხით ინტერესი არ არსებობს“ – განაცხადა გიორგი ფოფხაძემ.
ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად წყალში იპოვეს. საქმეზე 17 პირია დაკავებული.