ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კი ნუ ვუსახელებთ ხალხს ჩვენს კანდიდატებს, მათ ვკითხოთ ვინ არის მაგარი” – ელისაშვილი

ოპოზიციას მაჟორიტარულ ოლქებში საერთო კანდიდატის დასაყენებლად კვლევა უნდა ჩაეტარებინა – ამის შესახებ, პარტია “მოქალაქეების” თავმჯდომარემ, ალეკო ელისაშვილმა “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს იქნებოდა საუკეთესო გზა თავად ხალხს გამოეკვეთა ლიდერები.

“ჩვენმა პარტიამ ვთქვით, რომ თუ გვინდა, რომ რეალურად “ქართული ოცნების” მომგები კანდიდატები იყვნენ ოპოზიციიდან, ვთქვით ძალიან პატიოსანი წესი, როგორ უნდა გაგვერკვია: “ქართულ ოცნებას” თბილისშიც და რეგიონებშიც მოუგებს ძლიერი კანდიდატი, ძლიერი კანდიდატი მკალვჭიდში და ქართულ ჭიდაობაში ხომ არ უნდა გამოვავლინოთ, უნდა გამოვავლინოთ იმის მიხედვით, ვისაც მხარს უჭერს მეტი რაოდენობის ხალხი. ვთქვით, რომ ჩავატაროთ კვლევები, და ვისაც ხალხი გამოავლენს, ის დავაყენოთ თბილისშიც და რეგიონებშიც. ამაზე ყური არ შეიბერტყა არც ერთმა პარტიამ და ყველას ურჩევნია, რომ რაღაც გარიგებებით, სქემებით წავიდეთ და ასე შევთავაზოთ ხალხს. თუ გვინდა ხალხს ვემსახუროთ და ყველა პოლიტიკოსი გეტყვით, რომ მე ხალხის სამსახურში ვარ, იმიტომ ვწვალობ და დღე და ღამე არ მძინავს, რომ ხალხს მინდა ვემსახუროო, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგება, ხალხს ზურგს აქცევენ და რაღაც გარიგებები მიდის ხალხის ზურგს უკან.

საერთოდ არ მაინტერესებს პარტიებს შორის შეთანხმება – გვაინტერესებს ძლიერი კანდიდატები იდგნენ, რომლებიც დაამარცხებდნენ “ქართულ ოცნებას”? ხოდა, გვეკითხა ხალხისთვის, ერთი ხალხის დიდი გამოკითხვა, თუ ვის ვანდოთ ქვეყანა, ეს არის არჩევნები და არჩევნებამდე გაგვერკვია ვინ არის ძლიერი ოპოზიციური კანდიდატები, ეს გვეკითხა ხალხისთვის და კვლევა ჩაგვეტარებინა. კვლევის მეთოდოლოგიაზე შევთანხმებულიყავით, მაგრამ არა – ყური არ შეიბერტყეს და ურჩევნიათ რაღაც – შენ მე დამითმე, მე შენ დაგითმობ. ხალხს ადარდებს ეს?თვითონ კი ნუ ვუსახელებთ ხალხს ჩვენ კანდიდატებს, მათ ვკითხოთ ვინ არის მაგარი, ვინ არის მეტად ძლიერი, გამოგვეკვეთა ეს ლიდერები და გვეთქვა, მაგრამ ხალხს საერთო ჯამში ესეც არ აინტერესებს, რადგან მათ ძალიან კონკრეტული, თავისი პრობლემები აქვთ,”-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

იტვირთბა....