სოციალური სამართლიანობის ცენტრის [SJC] განცხადებით, პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში ფონდების ანგარიშების დაყადაღება ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო მუხტის შემცირებასა და საპროტესტო აქციების მონაწილეთა დასჯას ისახავს მიზნად.
“პროკურატურის ცნობით, საქმე ეხება გამოძიებას, რომელიც საბოტაჟს, უცხოეთის ორგანიზაციების დახმარებასა და ეროვნული უშიშროების საწინააღმდეგო ქმედებებისთვის ფინანსების მობილიზებას უკავშირდება. უწყება აცხადებს, რომ ფონდები საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ „კანონსაწინააღმდეგო“ ქმედებებს და სამართალდამრღვევთა მატერიალურ მხარდაჭერას ახორციელებდნენ. პროკურატურას არ დაუზუსტებია ყადაღის დადების სამართლებრივ საფუძვლებთან დაკავშირებული დეტალები, მათ შორის, ის, თუ საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული რომელი საფუძვლით განხორციელდა ფონდების საბანკო ანგარიშების დაყადაღება.
ჩვენი შეფასებით, ფონდებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება მშვიდობიანი უწყვეტი პროტესტის რეპრესირებისა და კრიმინალიზების კიდევ ერთი უხეში მცდელობაა, რომელიც ხელყოფს ქვეყანაში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცულობას და ქართული ოცნების მხრიდან ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის აგრესიულ მცდელობას წარმოადგენს.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს საკითხის შესწავლას და ფონდებისათვის სასამართლოს განჩინებების ჩაბარებისა და ანალიზის შემდგომ, საზოგადოებას დეტალურ სამართლებრივ ანალიზს დამატებით წარვუდგენთ“. – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
შეგახსენებთ, 17 მარტს პროკურატურამ რამდენიმე ფონდის ანგარიში, მათ შორის “ნანუკას ფონდი”, “საბოტაჟის საქმეზე” დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააყადაღა.