გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განცხადებით, ბაჩალიაშვილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი ითხოვს, საქმეზე გამოძიება ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციამ აღარ აწარმოოს. აღნიშნული განცხადება რამიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განცხადა.
ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა და მიხეილ რამიშვილმა ქვემო ქართლის სამხარეო პოლიცია დატოვეს.
„შევხვდით განყოფილების უფროსს და გამომძიებელს. ბატონმა ჯუმბერმა თავისი პოზიცია უთხრა. ბოლო ჩვენება ბლოკნოტთან დაკავშირებით მივეცით. ეს იყო ჩვენი საბოლოო პოზიცია, მაინც მათ წესიერებას აღარ შევეხეთ. ჩვენ, ბატონმა ჯუმბერმა, პროტესტის ნიშნად უარი თქვა რომ საერთოდ გამოძიება აწარმოოს სამხარეომ, საქმე გადაეცეს, წაიღოს სამინისტრომ ან ნებისმიერმა სხვა ორგანომ, რომელიც უფრო კომპეტენტური სამართლიანი იქნება“, – განაცხადა ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.