“ეს შეგნებული დეზინფორმაცია მიზნად ისახავდა პოლიტიკური მიზნებით შაქარაშვილის საქმეში გაერიათ ავთო ბილანიშვილი. მოხარული ვარ რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ ამ დეზინფორმაციას, შეგნებულ პროვოკაციას და 19 წლის მოზარდის ტრაგედიით მანიპულირებას თავისი სახელი დაარქვა და თქვა, რომ ეს ინფორმაცია არ არის ზუსტი, ანუ ტყუილია. თუმცა ვფიქრობ რომ ქარტიის მე-3 (დადასტურებული წყარო) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება) პრინციპიც დარღვეულია.”
თამარ აბესაძე – ავთო ბილანიშვილის, იგივე „კაწროს“ ადვოკატი
ამის შესახებ ადვოკატმა “პრაიმტაიმთან” საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ „კაწროს“ ეპიზოდზე ნიკა გვარამიას ქარტიის ერთი პრინციპის დარღვევა დაუდგინა.
ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.