ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ბუჩქებში დამალვის შემდეგ დავინახე მხოლოდ სამი პიროვნება” – შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ჩვენება

ვრცელდება გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის, გიორგი ქათამაძის ჩვენება, სადაც საუბარია იმაზე, თუ რა პროცესები განვითარდა მაგისტრალზე. ჩვენება, რომელიც “კურიერმა” მოიპოვა, ვკითხულობთ, რომ, როდესაც ქათამაძე იმალებოდა, მობილურ ტელეფონზე შევიდა უცხო ნომრიდან ზარი ხა მოსაუბრე მას ემუქრებოდა.

“როდესაც ვიმალებოდი, ტელეფონზე შემოვიდა უცხო ნომრიდან ზარი, ვუპასუხე მოსაუბრემ აგდებულად მითხრა “აბა ახლა სად იმალებით, სად არიან შენი ძმაკაცები” და თან მაგინებდა უშვერი სიტყვებით. მე გავუთიშე, თუმცა კიდევ მირეკვადა და გავუთიშე კიდევ, შემდეგ კი მივწერე მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ ვიყავი თბილისში, ასე იმიტომ მოვიქეცი, რომ მეგონა მეძებდნენ და ხმაზე სურდათ ჩემი პოვნა.

…ვერცხლისფერი მერსედესიდან 6 პიროვნება გადმოვიდა, ერთ-ერთ ხელში შევნიშნე, რომ ეჭირა რაღაც საგანი.

…ეს საგანი იმ პიროვნებამ მოუქნია კონსტანტინე ღიბრაძეს. დაარტყა თუ არა ეს არ დამინახავს ვინაიდან მაგ დროს მეც მომხვდა თავში სავარაუდოდ ხელკეტი, რადგან მხოლოდ ხელის დარტყმით არ გავითიშებოდი.

… ცოტა გონს, რომ მოვედი რამოდენიმე პირი მირტყამდა თავის არეში.

…(ტოიოტას ეპიზოდი) მე ბუჩქებში დამალვის შემდეგ დავინახე მხოლოდ სამი პიროვნება, რომლებიც მორბოდნენ იმ მიმართულებით რაც მე გამოვიარე, რომლებიც გვიყვიროდნენ და გვაგინებდნენ, მე ვინაიდან სირბილი ვეღარ შევძელი ჩავიმალე გზის სავალი ნაწილის გამყოფ ზოლში არსებულ ბუჩქებში და ჩემი თანმხლები პირები ვინ სად წავიდა არ დამინახავს.

… ვახო ახვლედიანს ვესაუბრე იმ დროს როდესაც ვიყავი დამალული და ახვლედიანი მეუბნებოდა, რომ დამშვიდებულიყავი და ჩვენს წასაყვანად უკვე მოდიოდნენ” – ამბობს გიორგი ქათამაძე ჩვენებაში.

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება 4 მუხლით მიმდინარეობს: თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის, ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის. 17 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული. ოჯახმა გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ პოლიციას 19 ივნისს მიმართა. მანამდე ის ნარეკვავის დასახლებაში წვეულებაზე იმყოფებოდა.

იტვირთბა....