გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის ზ.ხ.-ს მამა აცხადებს, რომ შესაძლოა შაქარაშვილი თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა.
ამის შესახებ არასრულწლოვნის მამამ შინაგან საქმეთა სამინისტროში შესვლამდე განაცხადა
„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”, – განაცხადა არასრულწლოვნის მამამ.
შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, 10 ივლისს ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.