“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება.
როგორც კახიძე წერს, 23 წლის დაკარგული გოგო არ მოძებნეს, რადგან “უპატრონო” იყო.
“23 წლის დაკარგული გოგო არ მოძებნეს, რადგან “უპატრონო” იყო და ფეხებზე დაიკიდეს.
მეხუთე დღეს ოჯახმა რომ გზა გადაკეტა, იმდენი პოლიციელი გამოიყვანეს, მთელ თეთრიწყაროს გადაჩხრეკდნენ ერთ დღეში. ან გადაჩხრეკა რათ უნდოდა მანქანის მოძებნას, მაგ საქმისთვის საკმარისი იყო ჰაერში აეშვათ ერთი კამერიანი დრონი. აი, თუნდაც ისეთი, მთავრობის ტელევიზია – იმედი რომ უშვებს-ხოლმე საპროტესტო აქციების ზემოდან გადასაღებად – ხალხი რომ ცოტა გამოჩნდეს. მაგ ტელევიზიამ დღის მთავარი ნიუსი – პოლიციის გულგრილობის და გოგონას გარდაცვალების შესახებ საინფორმაციო გამოშვების ბოლოს გაუშვა, მანამდე 15 წლის წინანდელი რობაქიძის საქმით ოპოზიციას აშავებდნენ. ოღონდ ამავდროულად ქოცების სპიკერი იძახდა დღეს – როგორ შეიძლება გარდაცვალებით პოლიტიკური სპეკულირებაო. ეს რეალობა უნდა შევცვალოთ, უკეთესით”, – წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.