ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაში “ემპათიას” ექსპერტი გალინა კარმოშინა ჩაერთვება

წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის “ემპათიას” ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, “ემპათია” ერთვება 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის გამოძიებაში.

როგორც ჯიშკარიანმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, “ემპათიამ” ბაჩალიაშვილის საქმეზე ექსპერტი გალიკა კარმოშინა გაგზავნა.

“ჩვენ მოგვმართა ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა და ცენტრი “ემპათია” ჩაერთვება საქმეში. გავაგზავნეთ ჩვენი ექსპერტი, გალიკა კარმოშინა და შემდგომში ადვოკატთან და ოჯახთან ერთად იქნება დასახული შემდგომი სტრატეგია. შესაძლებელია ჩაერთოს კიდევ უფრო მეტი ექსპერტი, მათ შორის მეც. შესაძლებელია ჩვენ მოვითხოვოთ სისხლის სამართლის საქმის მასალები.

ფაქტი გახლავთ, რომ ეს გოგონა იყო ძალიან წარმატებული და ძალიან ბურუსით მოცული ამბავია, რომ დავუშვათ სახლიდან 50 კილომეტრში ასეთ სიტუაციაში გარდაცვლილი იპოვეს.

თუ საქმე წავა სუიციდის მიმართულებით ცოტა კითხვის ნიშნები წამოიქმნება, თუმცა ახლა ვერც ვერაფერს ვადასტურებ, ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ. გამოძიების მასალებზე იქნება დამყარებული კომპლექსური ექსპერტიზა და ჩვენს სტრატეგიას, რა თქმა უნდა, დაზარალებულ ოჯახთან და ადვოკატთან ერთად განვიხილავთ”, – აცხადებს ჯიშკარიანი.

შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

იტვირთბა....