“ევროპული საქართველოს” წევრი ოთარ კახიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს ეხმაურება.
როგორც კახიძე წერს, პოლიციას დაკარგული ახალგაზრდა გოგო, მანამდე არ უძებნია, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა.
“23 წლის გოგოს სიკვდილის მიზეზი ჯერ არ ვიცით, მაგრამ… 5 დღის მანძილზე, ამდენი საგზაო, მუნიციპალური, კომერციული და სატელიტური კამერით აღჭურვილმა პოლიციამ ვერ იპოვა – არა რაიმე პატარა ნივთი, ან ტელეფონი, ან ჩანთა, ან ძაღლი… მანქანა ვერ იპოვეს, 5 დღე. ანუ არც უძებნიათ დაკარგული ადამიანი, სანამ ოჯახმა გზა არ გადაკეტა. ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყნის შს სამინისტრო, ბიძინას დაცვის უფროსით სათავეში, საზოგადოების ნაცვლად, ანგარიშვალდებულია ივანიშვილის წინაშე.
ბიძინას ზებრა ან პინგვინი რომ დაკარგულიყო, იმავე დღეს გადაატრიალებდნენ ყველაფერს”, – წერს კახიძე.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.
გუშინ, ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა საპროტესტო აქცია გამართეს და პოლიცია უმოქმედობაში დაადანაშაულეს.
ადვოკატ, მიხეილ რამიშვილის განცხადებით ცხედარი, ავტომობილის უკანა სავარძელზე იპოვეს.
გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამა აცხადებს, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.
მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.