ტელეკომპანია “მთავარი არხის” დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის დასკვნაში ტექნიკური შეცდომის შესახებ დამოუკიდებელ ექსპერტს, ალექსანდრე გეჯაძეს ვერ ეცოდინებოდა. მისი თქმით, გეჯაძე დასკვნის დაწერაში არ მონაწილეობდა, შესაბამისად, არ იცის, თუ რომელი ნაწილი შეიძლება იყოს ტექნიკური შეცდომა.
„გეჯაძემ რა იცის, ეს რა ტიპის შეცდომაა – ეს დასკვნა მისი არ არის. ეს ვერანაირად ვეღარ გასწორდება, მორჩა ამბავი და ვეღარ დადგინდება ხელახლა. გეჯაძე არის დამსწრე, მაგრამ არა პირველი დათვალიერების. მისი დამსწრე თუ არის დამსწრე, ათი დღის განმავლობაში ვერ შეამჩნიეს? იმდენად მძიმე შინაარსისაა ეს წინადადება, რომ შეუძლებელია ვერ შეამჩნიო. ამით იხსნება მთელი დოკუმენტი. წაკითხული არ ჰქონდათ?” – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
19 წლის ფეხბურთელის ცხედრის ექსპერტიზის ტექსტში არის ჩანაწერი, რომ მას ყველა კუნთზე აღენიშნებოდა გაშეშება. რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებით, ამ ჩანაწერზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისის ღამეს არ გარდაცვლილა.
საქმის დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, განაცხადა, რომ კუნთების გაშეშების შესახებ ჩანაწერი ტექნიკური შეცდომაა.
გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა – მის ცხედარს 22 ივნისს მიაკვლიეს მდინარე არაგვში.
ცნობისათვის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული.