სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილობით მიმართა.
ომბუდსმენი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და ადამიანის უფლებებისა და ტრანსნაციონალური კორპორაციების და სხვა ბიზნეს საწარმოების საკითხების შესახებ გაეროს სამუშაო ჯგუფის მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიშს.
ლომჯარია წუხილს გამოთქვამს ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების დაბალ მაჩვენებელთან დაკავშირებით.
მისი თქმით, მიუხედავად განხორციელებული რიგი ღონისძიებებისა, სხვადასხვა უწყებისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმით განსაზღვრული არაერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანის შესასრულებლად ქმედითი ღონისძიებები არ გატარებულა. როგორც ომბუდსმენი აღნიშნავს, გარკვეულ შემთხვევებში, უწყებების მხრიდან სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შეუსრულებლობა განპირობებულია იმ გარემოებითაც, რომ საკითხი სცდება მათი კომპეტენციის ფარგლებს.
სახალხო დამცველმა გამოთქვა მზაობა, ჩაერთოს ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ საკითხებთან დაკავშირებით მომდევნო სამოქმედო გეგმის შედგენის პროცესში და სათანადო რეკომენდაციები/წინადადებები წარუდგინოს საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიისა და სამთავრობო სამოქმედო გეგმის შემმუშავებელ უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს.