„გამოძიებასთან მქონდა კითხვები, დაზარალებულად რატომ მცნეს. მათ ყველა კითხვაზე გამცეს პასუხი. მითხრეს, რომ მივიღე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ასევე, ნახეს ჩემი „ინსტაგრამ“ მიმოწერები. დაბადების დღეზე ფოტოები არ გადამიღია, რადგან მე იქ სტუმრად მივედი და არა ფოტოგრაფად. შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ იმ ღამეს დეტალურად არაფერი ვიცოდი, ძალიან აფორიაქებული ვიყავი. დილით გავიგე, კიდე ვერ იპოვეს ის ბიჭიო. ხვალ ვუპასუხებ ნებისმიერ კითხვას, რაც გაინტერესებთ“
იაკობ ბრეგვაძე, შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმე, ე.წ. ფოტოგრაფი
იაკობ ბრეგვაძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა ცოტა ხნის წინ დატოვა. ის უწყებაში ადვოკატთან ერთად დაახლოებით სამი საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ბრეგვაძის განცხადებით, აინტერესებდა, თუ რატომ ჰქონდა მას დაზარალებულის სტატუსი, რაზეც პასუხი მიიღო.
შეგხსენებთ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებიდან ერთი თვე გავიდა. ექსპერტიზის დასკვნით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით. ამ დროისთვის დაკავებულია 17 პირი. გამოძიება აქტიურად კითხავს საქმის ფიგურანტებს. გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი მოწმის ჩვენებიდან ირკვევა, რომ ფეხბურთელს ინციდენტის დროს მდინარე არაგვამდე ვახო ჩიქოვანი მისდევდა.