19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის ბიძის განცხადებით, ერთ-ერთი ვერსიით, გიორგი შაქარაშვილი ხიდიდან გადააგდეს. ამის შესახებ მირიან ნიკოლაძემ “ტვ პირველის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.
“ზუსტად ამ ტერიტორიაზე მოხდა ჩხუბი, სადაც გიორგის ფიზიკურად გაუსწორდნენ. შემდეგ წყალში დაახრჩვეს და ბავშვი გაატანეს არაგვის დინებას.
“გიორგი მორბოდა და მას მისდევდნენ ფანრებით. აქ ამორბენა რთული არის, მაგრამ შეუძლებელი არა, – მე პირადად გამოვირბინე ეს გზა ღამის პირობებში. არაგვის მიღმა თქვენ გასაქცევი აღარ გაქვთ, სხვა შემთხვევაში გიორგი უნდა იყოს გადაგდებული რომელიმე სიმაღლიდან, მაგალითად ამ ხიდიდან” – განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.
ცნობისათვის, ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.
მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ ფეხბურთელის საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა გახდა ცნობილი. როგორც დასკვნაში ვკითხულობთ, სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, თუმცა მას სხეულზე სიკვდილის წინა ახლო პერიოდში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.