გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი ელისო კილაძე აცხადებს, რომ გიორგი შაქარაშვილის ცხედრის სამედიცინო ექსპერტიზა ამტკიცებს იმას, რომ 19 წლის ფეხბურთელი მოკლეს. მისი თქმით, ახლა უნდა გაეცეს პასუხი კითხვას, ვინ მოკლა შაქარაშვილი. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ “ფეისბუქ” გვერდზე დაწერა.
“რატომ იკაწრავთ სახეს? – ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს ჩემს ვერსიას – სცემეს, გონი დაკარგა, უგონო მდგომარეობაში გადააგდეს წყალში, გაიგუდა!
ყურადღება მიაქციეთ პროკურატურის განცხადებას-გადაკვალიფიცირდა დანაშაული და გახდა დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ, ჯგუფურად ჩადენილი მკვლელობა! ველოდები პასუხს კითხვაზე-ვინ მოკლა შაქარა?” – წერს კილაძე.
ცნობისათვის, პროკურატურა ექსპერტიზის დასკვნას ავრცელებს, რომელიც გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზს ადგენს. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
შეგახსენებთ, 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარე არაგვში იპოვეს. 28 ივნისს გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17 პირს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა, რადგან საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.