ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე რომან გოცირიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა “ქართული ოცნების“ ლიდერების წინააღმდეგ სასამართლოს მიმართონ. ამის შესახებ მან პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, “ქართული ოცნების” ლიდერების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების საკითხზე იურისტებთან კონსულტაციები მიმდინარეობს.
“ბოლო ხანებში “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობის, განსაკუთრებით, საპარლამენტო ლიდერების მხრიდან გაისმის ოპოზიციის მისამართით შეურაცხმყოფელი სიძულვილის ენით გამოთქმული ეპითეტები და არაერთხელ მოიხსენიებენ “ნაციონალურ მოძრაობას” და ოპოზიციას როგორც კრიმინალურ პარტიას. ეს არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქის, ჩვენი ამომრჩევლების შეურაცხყოფა.
ეს ეწინააღმდეგება იმ სულისკვეთებას, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები და პარტნიორი სახელმწიფოები მოგვიწოდებენ, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყოს უფრო მეტად სანდოობის აღმძრავი და ჩატარდეს იგი სტაბილურ ვითარებაში.
“ქართული ოცნება” შეგნებულად ხელს უწყობს ვითარების დაძაბვას. ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას, როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებს და პარტნიორ სახელმწიფოებს, ასევე, გამოვიყენებთ სამართლებრივ ბერკეტებს რათა აღიკვეთოს ეს უმსგავსო და აღვირახსნილი საქციელი „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან.
კრიმინალურ ოპოზიციად მოხსენიება ქვეყნის მთავარი ოპოზიციური პარტიებისა, ნიშნავს იმას, რომ “ქართული ოცნება” კვლავ აპირებს არჩევნებში გამოიყენოს ის მეთოდები, რომლისთვისაც არაერთხელ მიუმართავს – დაშინება, ფიზიკური ზემოქმედება საკუთარი ზონდერ ჯგუფებით, მოსყიდვა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, სუს-ისა და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ ამომრჩეველზე ზემოქმედება და მათ შორის, ასეთი ფსიქოლოგიური ზემოქმედება და სიძულვილის ატმოსფეროს დანერგვა წინასაარჩევნო პერიოდში.
პასუხს მოვთხოვთ ყველას , როგორც პოლიტიკურად არჩევნებზე, ასევე სამართლებრივი გზით. ჩვენ გავივლით კონსულტაციებს იურისტებთან და შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით სასამართლოს მივმართოთ” – განაცხადა რომან გოცირიძემ.