“მთავრობა განიხილავს, რეგულარული ფრენები არც აგვისტოში აღადგინოს” – ამის შესახებ “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს. დეპუტატი ხელისუფლებას მოუწოდებს, “გადახედოს ამ მცდარ გადაწყვეტილებას და აღადგინოს ფრენები ევროკავშირის იმ წევრ ქვეყნებთან მაინც, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია შეფასებულია, როგორც კარგი ან ძალიან კარგი”.
გიორგი კანდელაკმა ამ თემასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა. მან გაუგებარი და ბრიყვული უწოდებს მთავრობის გადაწყვეტილებას, არ აღადგინოს ფრენები ევროკავშირთან იმ ფონზე, როცა ევროკავშირმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.
“ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი, ფინეთი და სხვა რამდენიმე ქვეყანა, რომლებიც ჩვენი ტურიზმისთვის ტრადიციულად არის ძალიან მნიშვნელოვანი” – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
ცნობისათვის, ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განცხადება გააკეთა, სადაც თქვა, რომ “უნივერსალური საზღვრის გახსნა ვერ მოხერხდება ვერც 15 ივლისს და ვერც 15 აგვისტოს.”
მისივე თქმით, “კარანტინის მექანიზმი მოქმედებს. ყველა მოგზაური, რომელიც ჩამოდის ქვეყანაში, იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, თუ სხვა ქვეყნის, ექვემდებარება ორკვირიან კარანტინს, თვითიზოლაცია განიხილება მხოლოდ გარკვეული ჯგუფებისთვის. ეს ეხება დიპლომატიური კორპუსის გარკვეულ წარმომადგენელს, ან როდესაც ადამიანს აქვს ისეთი კლინიკური მდგომარეობა, რომ ვერ დარჩება კარანტინში, მას სჭირდება განსაკუთრებული მოვლის პირობები.”