ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, რომ ის 28 ივნისს გამოქვენებული პოსტის წაშლას ნანობს, რომელიც სანდრო გირგვლიანს ეხებოდა.
ჟორჟოლიანი პოსტში სანდრო გირგვლიანისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეებს შორის მსგავსებაზე კიდევ ერთხელ საუბრობს
ჟორჟოლიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან ვნანობ გუშინდელი პოსტი რომ წავშალე. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი და პირადი პრობლემის გამო ვერ მოვახერხებდი ნახევარ საათში დამატებული 437 ფოლოვერის მოგერიებას.
ყოველთვის ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ და შესაბამისად არ მჩვევია პოსტების წაშლა. ამ შემთხვევაშიც ასეა და დღეს უფრო ვრცლად ავუხსნი ადამიანებს ამ ორ მძიმე ფაქტს შორის ტოლობის ნიშნის დასმის საშუალება რომ აღარ მივცე.
სტატუსი იყო და არის მათთვის, ვინც ამბობს, რომ გიორგის ამბავი უბედური შემთხვევაა. გიორგის მძიმე მოტეხილობები აქვს, მათ შორის თავის ქალის. აღენიშნება თვალბუდეების ტრავმა. პროკურატურაც კი ამბობს, რომ ძალადობის დროს გამოყენებულია რკინის შტირები.(დამოუკიდებელი ექსპერტი “მეტრონომთან” აცხადებს, რომ შაქარაშვილის გვამს მოტეხილობები არ აღენიშნებოდა. რედ.)
ეს, სახელწმიფოსთვისაა პრობლემა, როცა მოძალადე პოლიციელია, თორემ მსხვერპლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ვინ მისდევს და საბოლოოდ სიცოცხლეს ვინ უსპობს – მელნიკოვი, რომელთანაც ამ ხელისუფლებამ საპროცესო გარიგება გააფორმა და ბედნიერად ცხოვრობს, თუ კრიმინალი სპორტსმენი.
ორივე შემთხვევაში ინსტინქტი შიშია, რომლისგანაც თავდაცვის და გადარჩენითვის გარბიხარ. რაც შეეხება გაქცევას, სწორედ მურუსიძის სასამართლოს საქმეში წერია, რომ გირგვლიანმა გაქცევა მოახერხა და ხევში გადაიჩეხა.
სტრასბურგმა, საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას უთხრა, რომ სასამართლოს უნდა გამოეძიებინა მაღალჩინოსნების კავშირი საქმესთან, რომ დამნაშავეებს სასამართლომ არ მიუსაჯა ადეკვატური სასჯელი. რომ არ ჩამოვთვალო სრულად გაითვალისწინეს ადვოკატ შავგულიძის მოთხოვნა, რომელსაც დღეს მტრად თვლით და მურუსიძეს მოყვრად.
გირგვლიანის საქმე ახლა კი არა, ნაციონალების დროს არ გამიპრავებია! განსხვავებით თქვენი უვადო მოსამართლე მურუსიძისგან, რომელმაც მთლიანად გარეცხა სამართლებრივად ეს საქმე. რადგან თქვენმა ხელისუფლებამ მურუსიძის უვადო მოსამართლედ არჩევა მოახერხა , თქვენი პროტესტები არაგულწრფელი და შერჩევითია,“ – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რომ 28 ივნისს ნანუკა ჟორჟილიანმა გამოაქვეყნა პოსტი, სსადაც ნათქვამია, რომ სანდრო გირგვლიანიც საშიშროებას გაურბოდა, ისევე, როგორც შაქარაშვილი და გიორგვლიანზე ამბობენ, მოკლესო, ასე მოკლეს ეს ბავშვიც.