ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი ჩვენი სტატიები

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნამდე: ექსკლუზიური ინტერვიუ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესთან

“ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცხედარს ვითომ მოტეხილობები ჰქონდა და დამოუკიდებელი ექსპერტიზა მალავს…” – ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე 

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს. ამ დრომდე დაკავებულია 17 პირი, მათ შორის 6 არასრულწლოვანი და საქმე დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. თუმცა, შესაძლოა, გამოძიების მიმდინარეობისას აღნიშნული მუხლები გადაკვალიფიცირდეს, ან დაკავებულ პირთა წრეც გაიზარდოს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ახალი გარემოებები გამოიკვეთება და რა პასუხს დადებს ექსერტიზა, რომელშიც, შაქარაშვილების ოჯახის თხოვნით, დამოუკიდებელი ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძეც ჩაერთო. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დაზიანებები, რომელიც ცხედარს აღენიშნებოდა, სიცოცხლეში ჰქონდა მიყენებული თუ გარდაცვალების შემდეგ. შესაბამისად, არაა გამორცხული, ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გამოძიება სხვა კვალზე გავიდეს და შედეგიც განსხვავებული დაიდოს.

ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის დადებამდე კი გიორგი შაქარაშვილის ახლობლების ნაწილი საუბრობს, რომ გარდაცვლილს თავის ქალის ჩატეხილობა და სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებოდა. რა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა ცხედარს, მედია საშუალებებით განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება, შესაბამისად, საზოგადოებაში ამან განსხვავებული ვერსიები წარმოშვა.

“მეტრონომმა” ინტერვიუ ჩაწერა დამოუკიდებელ ექსპერტ ალექსანდრე გეჯაძესთან, რომელიც ექსპერტიზის პროცესში თავად შაქარაშვილების თხოვნითაა ჩართული და მას სრულ ნდობას უცხადებს.  გთავაზობთ ინტერვიუს დამოუკიდებელ ექსპერტთან.

“მეტრონომი”: ბატონო ალექსანდრე, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე არსებული დაზიანებების თაობაზე განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. თქვენ რომ გვითხრათ, პირველადი გამოკვლევით, რა სახის დაზიანებები, ანდა მოტეხილობები აღენიშნებოდა ცხედარს? 

ალექსანდრე გეჯაძე: შაქარაშვილის გვამის პრველადი გამოკვლევით ცალსახად გამოვრიცხავ რაიმე სახის ჩონჩხის ძვლების მოტეხილობებს. კატეგორიულად გამორიცხულია კიდურების მოტეხილობები, ნეკნების, მკერდის ძვლის, თავის ქალის მოტეხილობები. ეს დაზიანებები გვამს ცალსახად არ აღენიშნებოდა. მიცვალებულს სახეზე აღენიშნებოდა ბლაგვი ხასიათის ტრავმა. სისხლნაჟღენთები  სხვდასხვა სახის, თვალბუდეებში, ცხვირზე, ნიკაპზე, ასევე სხეულის სხვადასხვა ადგილზე. ამ ეტაპზე ამაზე მეტს ვერ გეტყვით. ველოდებით ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგებს და აქედან გამომდინარე, ერთიანი მსჯელობის ფორმატში დაიდება დასკვნა, დაზიანებები სიცოხლის დროინდელია თუ არა, რა იყო სიკვდილის მიზეზი, რა პირობებში შეიძლება რომ ეს დაზიანებები მიეღო და ა.შ.

-რა ინტერესი აქვს ახლობლების იმ ნაწილს, რომელიც მოტეხილობების არსებობაზე საუბრობს და საიდან აქვთ მათ ეს ინფორმაცია, მიტუმეტეს თუ ცხედარი შეხვეული იყო და მისი ნახვის საშუალება ოჯახის წევრებს არ ჰქონდათ?

– არანაირი მოტეხილობები არ ჰქონია ცხედარს, რაზეც თუნდაც “მთავარ აქცენტებში” ილაპარაკეს. ნახავდით, რომ ბატონ ნიკა გვარამიას გადაცემაშიც იყო ამაზე საუბარი, რომ თითქოს მიცვალებულს მრავლობითი მოტეხილობა აღენიშნებოდა. მან გაუშვა ჩემი ჩანაწერიც კი, რომელიც ასახავს, რომ თითქოს თეთრაძის საქმეზე პროკურატურის სასარგებლოდ ვმუშაობდი. ამით ეცადნენ, ვითომ ამით რამე პარალელს გაავლებდნენ და ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ცხედარს ვითომ მოტეხილობები ჰქონდა და დამოუკდებელი ექსპერტიზა მალავს ამ მოტეხილობებს. ეს იყო ამის მთელი დედააზრი და მიზანი. მისმა ე.წ. ჟურალისტ-გამომძებელმა ილაპარაკა სისულელები, რომ ვითომ ოჯახის წევრებმა არაფერი იციან, ვითომ მეგობრებმა იციან, რომ მოტეხილი აქვს ძვლები და ა.შ. თავადაც აღნიშნეთ, ბუნებრივია, გვამი იყო გადახვეული და ჭირისუფალსაც არ ჰქონდა მისი ნახვის უფლება, და თუ ნახვის საშუალება არ ჰქონდათ, როგორ ნახეს მეგობრებმა მოტეხილობები?! ლოგიკურად იმსჯელეთ…

-როდის გახდება ცნობილი ექსპერტიზის საბოლოო დასკვნა, რამაც გამოძიება, შესაძლოა, სხვა მიმართულებით წაიყვანოს?

— ექპერტიზის პასუხი საორიენტაციოდ, დიდი იმედი მაქვს, რომ ლაბორატორიის ინფორმაცია 10 დღეში უნდა დაიდოს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი, როდის მიიღო აღნიშნული დაზიანებები შაქარაშვილმა, სიცოცხლეში თუ გარდაცვალების შემდეგ. ეს, რა თქმა უნდა, ბევრ კითხვას გასცემს პასუხს.

ალექსანდრე გეჯაძე “მთავარ აქცენტებში” მასთან დაკავშირებით არსებულ ბრალდებაზეც გვესაუბრა, რომლის მიხედვითაც, ის სერგო თეთრაძის საქმეზე პროკურატურის სასარგებლოდ მუშაობდა. გეჯაძის თქმით, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ცდილობს, საზოგადოებას მის კომპეტენციაში ეჭვი შეატანინოს და აქედან გამომდინარე, გიორგი შაქარაშვილის საქმეზეც მისი ექსპერტიზის დასკვნას არ ენდოს.რაც შეეხება გარდაცვლილ გიორგი შაქარაშვილის საქმეს, პროკურატურა საგამოძიებო მოქმედებებს ინტენსიურად ატარებს. დაკითხულია 60-ზე მეტი მოწმე, აღებულია მოწმეების ჩვენებები, ჩატარებულია 750-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედება. ამ ყველაფრის საფუძველზე საზოგადოება საქმის გახსნას უახლოეს მომავალში ელოდება.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე “მეტრონომი” ამ თემაზე განახლებულ მასალებს ინტენსიურად შემოგთავაზებთ.

 

თათია შაიშმელაშვილი

 

 

 

იტვირთბა....