ალეკო ელისაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ახალი ინიციატივით მიმართავს და მოუწოდებს, თბილისის 8 მაჟორიტარი ხალხმა გადაანაწილოს. ინფორმაციას ამის შესახებ ალეკო ელისაშვილის პრესსამსახური ავრცელებს.
“ყველაფერი ხალხის გადაწყვეტილებებით უნდა ხდებოდეს. ამდენად ჩვენ გუნდს გვაქვს ინიციატივა და მივმართავთ თითოეულ პარტიას ოპოზიციაში, მოდით თბილისის მაჟორიტარები გადავანაწილოთ პატიოსანი წესით, ” – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მისი შეფასებით, IRI-მ და NDI-მ ერთობლივად უნდა ჩაატარონ გამოკითხვა, რის შედეგადაც გაირკვევა 8 ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური ლიდერი, რომელსაც თბილისის მოსახლეობა უჭერს მხარს, შემდგომ კი მიღებული შედეგები უნდა გამოქვეყნდეს და მაჟორიტარები ხალხის შეხედულებით გადანაწილდეს.
,,ბოკერია კი ნუ ანაწილებს, მაჟორიტარები სად უნდა დადგნენ ან ვიღაცამ კი არ უნდა გადაანაწილოს, არამედ ხალხმა. მე თუ არ მოვხვდები იმ სიაში, არანაირი პრეტენზია არ მექნება და ვიტყვი, რომ არ მიჭირს ხალხი მხარს და გავიწევი გვერდზე. ხალხის მონაწილეობით გამჭირვალედ და პატიოსნად ჩავატაროთ ეს ყველაფერი. ეს არის ჩემი მოთხოვნა და მივმართავ თითოეულ ოპოზიცურ ძალას, თუ მართლა უნდათ პატიოსან გადანაწილებაში მონაწილეობა და პატიოსანი ზრახვები აქვთ – ხალხის დარდი და ხალხის ფიქრი, დამოკიდებულება თუ ადარდებთ, დაუჭირონ მხარი ამ ინიციატივას,” – განაცხადა ელისაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციურმა ერთობამ თბილისში მაჟორიტარობის 6 კანდიდატი დაასახელა, ამ ეტაპზე დანარჩენი 2 ოლქის კანდიდატი უცნობია. პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ კონსულტაციები გრძელდება.