“იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმება სრულფასოვნად იქნება შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს, დავბრუნდეთ დარბაზში”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.
რომან გოცირიძის თქმით, როდესაც „შეთანხმება პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე იქნება შესრულებული, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მონაწილეობას მიიღებს.
„მივესალმებით პარლამენტის ამ გადაწყვეტილებას. ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების ერთი ნაწილი არის შესრულებული. ახლა დარჩა მისი მეორე ნაწილი, რომელიც ითვალისწინებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. როდესაც ეს შეთანხმება იქნება შესრულებული, ამ შემთხვევაში „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე და მესამე მოსმენაზე მიიღებს მონაწილეობას. ეს იმას ნიშნავს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება მიღებული საერთო კონსენსუსით, რაც მეტ პოლიტიკურ სტაბილურობასა და მეტ ნდობას შემატებს საარჩევნო პროცესს ქვეყანაში.
წინააღმდეგ შემთხვევაში, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მრავალი ოპოზიციური პარტიის მონაწილეობის გარეშე, ეს კონსტიტუცია და მომავალი არჩევნები არ იქნება სრულფასოვანი. ამიტომ, იმედს ვიტოვებთ, რომ მალე შეთანხმების ორივე მხარე იქნება სრულფასოვნად შესრულებული, რაც საშუალებას მოგვცემს დავბრუნდეთ დარბაზში“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით კენჭი უყარა. რეგისტრაცია პარლამენტის 142-მა წევრმა გაიარა, საიდანაც 136-მა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კონსტიტუციურ კანონის პროექტს მხარი დაუჭირა. ცვლილებების წინააღმდეგ 5 დეპუტატი წავიდა.