ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ნაციონალური მოძრაობის” გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ” – ბაქრაძე საკონსტიტუციო ცვლილებები

„ნაციონალური მოძრაობის“ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ”, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობაც“ და ევროპული საქართველოც იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად არსებულ ვითარებაში.

„მე ნამდვილად ვიცი, როგორც ჩვენ, ასევე „ნაციონალურ მოძრაობას“ ორივეს აუცილებლად მიგვაჩნია 8 მარტის შეთანხმების შესრულება, ორივეს გვსურს, ქვეყანაში პროპორციული სისტემის შემოღება და მათაც ისევე აწუხებთ გიორგი რურუას ბედი, როგორც ჩვენ. ამიტომ, ამ შემთხვევაში, ორივე პარტია იქცევა ისე, როგორც მას მიაჩნია სწორ და საუკეთესო გამოსავლად.

ჩვენ სწორ და საუკეთესო გამოსავლად ამ ვითარებაში მიგვაჩნია პირველი მოსმენით კენჭისყრაში მონაწილეობა და ამით იმ სცენარის გამორიცხვა, რომ „ოცნება“ აგდებს პროპორციულ სისტემას. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო განსხვავებული გადაწყვეტილება, მაგრამ მათ მოტივაციაში ეჭვი არ გვეპარება და შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, საპარლამენტო ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას არ მიიღებს – ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ – ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

იტვირთბა....