ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს პარლამენტი საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავს

საარჩევნო სისტემის შეცვლის მიზნით მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს პირველი მოსმენით დღეს, 21 ივნისს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავენ – ცვლილებებს დასამტკიცებლად სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება.

კონსტიტუციური პროექტის გათვალისწინებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – პარლამენტში აირჩევა 120 წევრი პროპორციული და 30 წევრი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით.

ცვლილებებით განისაზღვრება, რომ პროპორციული არჩევნები ჩატარდება 1%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში და საარჩევნო ბლოკებისთვის ბარიერი განისაზღვრება ერთი პროცენტისა და ბლოკში შემავალი პარტიების ნამრავლით. გაუნაწილებელი მანდატები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თანმიმდევრობით განაწილდება უდიდესი ნაშთის მქონე პარტიებზე და საარჩევნო ბლოკებზე. პროექტით გათვალისწინებულია ე.წ. ჩამკეტიც.

პროექტის მიხედვით, უნდა გამოირიცხოს 40 პროცენტზე ნაკლები მხარდაჭერის პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვება და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირება. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით ჯამურად მიღებული მანდატებისთვის მარჟის დადგენას.

 

იტვირთბა....