მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა – ამის შესახებ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ბოდბეში, ბენზინგასამართ სადგურზე ნაპოვნი ახალშობილის მამამ განაცხადა.
როგორც ბავშვის მამა აცხადებს, ცოლი გაზრდილ მუცელს ავთვისებიან სიმსივნეს აბრალებდა.
„მე არ ვიცოდი, რომ ფეხმძიმედ იყო – ვიცოდი, რომ მუცელი ჰქონდა გაბერილი და ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. მე მიმალავდა და არ მეუბნებოდა, რომ ფეხმძიმედ იყო. მე ბავშვი თვალით არ მინახავს, თვითონ იმშობიარა, დაახლოებით ერთი საათი საპირფარეშოში იყო, მაგრამ მე რას წარმოვიდგენდი, რომ იმშობიარებდა. 7 წელია ერთად ვცხოვრობთ, მაგრამ რა ვიცი, სხვა ბავში არ გვყავს ამის გარდა. რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება არ ვიცი, ალბათ, არ უნდოდა შვილი, მე მინდოდა. მეუბნებოდა სიმსივნე მაქვსო, სახსრები მტკივაო, ფეხები მისივდება და საერთოდ აზრზე არ ვიყავი თუ ფეხმძიმედ იყო. რომ ვკითხე იმშობიარე თუ არაო, თავიდან მითხრა, რომ არ მიმშობიარიაო, დაგვიმალა და მერე აღიარა, რომ იმშობიარა, რატომ გააკეთა არ უთქვამს“, – აცხადებს ბავშვის მამა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში ახალშობილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ის თავდაპირველად წნორის, შემდეგ კი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით, “მეტრონომმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია.