ახალი ამბები მთავარი სამართალი

“მეტრონომის” ექსკლუზივი: ნაგავსაყრელზე ნაპოვნი ჩვილის დედა გამოჩნდა – ის სისხლდენით კლინიკაში შევიდა

კახეთში, სადაც  ადგილობრივებმა გზაზე მიტოვებული ახალშობილი იპოვეს, ახალი დეტალები ირკვევა.

მომხდართან დაკავშირებით, “მეტრონომმა” ექსკლუზიურად მოიპოვა ინფორმაცია. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალმა დამოუკიდებლად იმშობიარა, ხოლო ადგილობრივებმა ჩვილი წნორის ნაგავსაყრელზე იპოვეს.

როგორც “მეტრონომს” ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინის მედპერსონალმა განუცხადა, ახალშობილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში შეიყვანა.

“სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში შემოიყვანა ახალშობილი. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. ჩვილს ზურგი მთლიანად გადატყავებული აქვს და სისხლის კვალიც აღენიშნება. როგორც ცნობილია, ის წნორის ნაგავსაყრელზე იპოვეს,” – აცხადებს მედპერსონალი.

მისივე თქმით, ამჟამად ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

რაც შეეხება, ახალშობილის დედას, მედპერსონალი აცხადებს, რომ მას მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო და დახმარების მისაღებად საგარეჯოს კლინიკაში მივიდა.

მომხდართან დაკავშირებით “მეტრონომი” შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში არ ადასტურებენ, დაკავებულია თუ არა ახალშობილის დედა, თუმცა, როგორც “მეტრონომს” მედპერსონალმა განუცხადა, საგარეჯოს კლინიკაში პოლიციაც მივიდა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში ახალშობილი რამდენიმე საათის წინ იპოვეს. ის თავდაპირველად წნორის, შემდეგ კი ლაგოდეხის “არქიმედეს” კლინიკაში გადაიყვანეს.

 

თათა შაიშმელაშვილი

იტვირთბა....