ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მაია ბუწაშვილი ითხოვს, StopCov.ge-ზე ინფიცირებულთა ისტორია გამოქვეყნდეს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ საჭიროა საზოგადოებამ COVID-19-ით ინფიცირებულების შესახებ მეტი ინფორმაცია იცოდეს.

მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ, მთავრობის მიერ შექმნილ სპეიალურ ვებ-გვერდზე იყოს განთავსებული.

“მე ვფიქრობ, უნდა გაუმჯობესდეს მოსახლეობასთან კომუნიკაცია კოვიდის ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით.

ყველას აინტერესებს ინფორმაცია ყოველდღიურად რეგისტრირებული შემთხვევების შესახებ, კერძოდ, ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილთა რაოდენობა, მიეკუთვნება თუ არა ეს შემთხვევები რომელიმე კლასტერს და რომელს, თუ არ მიეკუთვნება, სავარაუდო ინფიცირების გზა და ა.შ.

ეს არ არის უბრალოდ ცნობისმოყვარეობა და ძალიან მოთხოვნადი ინფორმაციაა, მითუმეტეს საკარანტინო ღონისძიებების შერბილების ფონზე, როდესაც ყველა ღელავს, მოყვება თუ არა ამას ახალი შემთხვევების მატება.

ეს ინფორმაცია ალბათ უნდა იდებოდეს STOP COVID GE-ზე, სადაც ვხედავთ მხოლოდ საერთო რაოდენობას და არა დღე-ღამურს, ან ყოველდღიურად ჯანდაცვის სამინისტროს ან დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ უნდა ხდებოდეს ამ ინფორმაციის მიწოდება.

თუ სადმე ეს განახლებადი ინფორმაცია იდება და ჩვენ მას ვერ ვაგნებთ, მაშინ ასეთ კომუნიკაციას აზრი არა აქვს.

ამჟამად, ერთადერთი წყარო დღე-ღამური ახალი შემთხვევების შესახებ არის მარინა ეზუკბაიას ბრიფინგი, რომელსაც ამ კითხვას უსვამენ ჟურნალისტები, თუმცა ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელი საერთოდ არ არის ვალდებული ეპიდსიტუაციის შესახებ მოგვაწოდოს ინფორმაცია.

ამიტომ მისგან ხშირად ვგებულობთ პასუხს, რომ „ინფორმაცია არა აქვს“ და ეს სრულიად ლეგიტიმური პასუხია. ის პასუხისმგებელია მხოლოდ ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებული პაციენტების კლინიკურ მდგომარეობაზე.

იმედია უმოკლეს ხანში ეს საერთოდ აღარ იქნება აქტუალური, ანუ აღარ გვექნება ახალი შემთხვევები, მაგრამ სანამ ეს დღე დადგება, ასეთი ინფორმაცია მოსახლეობას აშკარად სჭირდება“, – ამბობს ბუწაშვილი.

იტვირთბა....