ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყნაში ყოველი მეხუთე ადამიანი კოვიდ-19-ის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს

ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3 716 858 ადამიანს შეადგენს, აქედან საპენსიო ასაკისაა 20.5% მოქალაქე.

ამის შესახებ ინფორმაცია კორონავირუსის წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ღონისძიებების ანგარიშში წერია.

შესაბამისად, ანგარიშის თანახმად,  ქვეყნაში ყოველი მეხუთე ადამიანი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს.

„ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვის პროცესში მნიშვნელოვანია ქვეყნის მოსახლეობის სტრუქტურის ანალიზი. ბოლო აღწერის მონაცემების მიხედვით, საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) მოსახლეობა 3 716 858 ადამიანს შეადგენს, აქედან საპენსიო ასაკისაა 762 621 პირი (მთლიანი მოსახლეობის 20.5%). შესაბამისად, ქვეყნის მოსახლეობის მეხუთედი კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ მაღალი ან საშუალო რისკის მატარებლად შეიძლება ჩაითვალოს. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ COVID-19-ის მთავარი რისკ-ფაქტორების ოთხი ძირითადი ქრონიკული დაავადებით გამოწვეული ავადობის ტვირთი ქვეყანაში საკმაოდ მაღალია – 80%, აქედან: გულსისხლძარღვთა დაავადებებისთვის – 40%, ქრონიკული რესპირაციული დაავადებებისთვის -22%, სიმსივნეებისთვის – 15% და დიაბეტისთვის – 3%.

შეზღუდვების საჭიროების ანალიზისას საყურადღებოა, რომ ქვეყნებს, რომლებმაც პასიური საპასუხო ღონისძიებები აირჩიეს, პირველი 100 შემთხვევის შემდეგ 500 შემთხვევა 5-8 დღეში დაუდგათ. მეორე მხრივ, აზიის ქვეყნებში, რომელთაც ეპიდემიასთან ბრძოლის მკაცრი და დროული ღონისძიებები გაატარეს (სამხრეთ კორეა, ჰონგ-კონგი), პირველი 100 შემთხვევა 20-36 დღის შემდეგ დაფიქსირდა. მსოფლიო სტატისტიკა ნათლად აჩვენებს საქართველოს წარმატებას, რადგან გატარებული ღონისძიებების შედეგად, პირველი 100 შემთხვევის გამოვლენა ეპიდემიის დაწყებიდან 30-35 დღეზე მოხდა“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ცნობისთვის, იგივე ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში ვირუსის გავრცელების დღიდან დღემდე 15 კლასტერი იყო იდენტიფიცირებული  და თითო კლასტერში შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა 40 იყო.

 

ავიაბილეთები იაფად
იტვირთბა....