ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საარჩევნო წელს წარმატებული ხელმძღვანელი გამოცვალო და სხვა მიიყვანო, მთლად ლოგიკური არ უნდა იყოს”- ვახტანგ ძაბირაძე

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერის პოსტიდან გიორგი გახარიას შესაძლო წასვლას ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან მსგავსი სამთავრობო ცვლილება პოლიტიკურად არალოგიკური იქნება.

ამის შესახებ ვახტანგ ძაბირაძემ “მეტრონომთან” ინტერვიუში ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ “ქართული ოცნების” პროგნოზირება საკმაოდ რთულია.

“ეს ხმები საკმაოდ დიდი ხანია ვრცელდება, მარა იცით რაშია საქმე, “ქართული ოცნების” პროგნოზირება საკმაოდ რთულია, იმიტომ, რომ ხშირად მათი გადაწყვეტილებები პოლიტიკურ ლოგიკას მაინცდამაინც არ ექვემდებარება. ეს საკმაოდ რთული საპროგნოზო თემაა. გარდა ამისა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუ მთავრობა წარმატებული იყო ამ პანდემიის პირობებში, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ხელმძღვანელი იყო წარმატებული. ხოლო საარჩევნო წელს წარმატებული ხელმძღვანელი გამოცვალო და სხვა მიიყვანო, მთლად ლოგიკური არ უნდა იყოს,”- აცხადებს ძაბირაძე.

პოლიტოლოგის შეფასებით, არარეალურია, რომ წინასაარჩევნოდ მმართველ გუნდსა და პრემიერს შორის დაპირისპირების რაიმე არგუმენტი დასახელდეს და გიორგი გახარია ოპოზიციაში წავიდეს.

“არგუმენტი რა უნდა იყოს დაპირისირების?! ეს გამორიცხულია. არჩევნებამდე იმდენად მცირე დროა დარჩენილი, რომ გახარია წავიდეს ოპოზიციაში და შექმნას ოპოზიციური პარტია და ასე შემდეგ, ეს თამაშია. ეს არარეაულია, შემიძლია კატეგორიულად ვთქვა,”- აღნიშნავს ძაბირაძე.

ამასთან, ძაბირაძესთვის გაუგებარია, რატომ უნდა დასჭირდეს “ქართულ ოცნებას” პრემიერის შეცვლა.

“ცვლილება რატომ უნდა განხორციელდეს ეს არ მესმის, ეს ცვლილება რას მოუტანს ქართულ ოცნებას და რა ლოგიკაა ამაში?! რაზე უნდა შეცვალოს გახარია?! ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ, ეს ცვლილება არ უნდა მოხდეს, თუმცა “ქართულ ოცნებაში” ყველაფერი მოსულა,”- აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ გიორგი გახარია პრემიერის პოსტს დატოვებს და მის ადგილას  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნება.

იტვირთბა....