კიდევ ერთი ოჯახი გამოჩნდა გიორგი რურუას წინააღმდეგ, რომელიც ამჟამად, იარაღის შეძენა-ტარებისთვისაა დაკავებული და მის განთავისუფლებას პოლიტიკური ოპოზიცია მოითხოვს. ვეფხვაძეების ოჯახი რურუას გათავისუფლებას ეწინააღმდეგება.
„ქრონიკა“ 27 წლის წინ მოკლული ზაზა ვეფხვაძის დას, მიას ესაუბრა. მია რურუას კრიმინალს უწოდებს და ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შემთხვევაში მისი ოჯახი თავს უფრო დაუცველად იგრძნობს, რადგან მას შემდეგ, რაც მან მომხდარზე ხმამაღლა ისაუბრა, როგორც თავად ამბობს, მისი დაშინება ე.წ. ვერის საძმოს წარმომადგენლებმა სცადეს.
“ამომიწყვიტა ოჯახი, მომიკლა ძმა და მანამდე შვილი მოაკვლევინა დაქირავებულ მკვლელს, რომელიც მომიგზავნა. რამდენიმე დღის წინ ჩემთან სახლში მოვიდა ერთ-ერთი წევრი მაგ „ვერის საძმოდან“, ჩამომიღო კარი და რომ გავედი მქონდა ძალიან დიდი შეტაკება, უკვე სახლში მივარდებიან. მე მაქვს შიში“, – ამბობს ვეფხვაძე.
შეგახსენებთ, პროკურატურაში უკვე შეიტანა განცხადება მოკლული ვერელი ძმების თორაძეების ოჯახის წევრმა, დამ, რომელიც 1992 წელს მომხდარი მკვლელობის გამოძიებას მოითხოვს. პროკურატურამ აღნიშნულ საქმეზე უკვე მიმართა აშშ-ს შესაბამის უწყებებს, რადგან თამარ თორაძე დღეს შეერთებული შტატების მოქალაქეა.