აშშ-ში აფრო-ამერიკელი მოქალაქის, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო მასშტაბური საპროტესტო აქციები არ წყდება. დემონსტრანტები კვლავ შეიკრიბნენ თეთრი სახლის სიახლოვეს. თუმცა, საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სამართალდამცველებმა ცრელმსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკება მაშინ დაიწყო, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „როუზ გარდენში“ სიტყვით გამოდიოდა და დაიმუქრა, რომ არეულობის დასასრულებლად ის ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედროების მობილიზებას განახორციელებდა, თუკი შტატების გუბერნატორები ეროვნულ გვარდიას არ გამოიძახებდნენ.
თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დონალდ ტრამპი ქუჩაში გავიდა და დაცვისა და ჟურნალისტების თანხლებით წმინდა იოანეს ტაძრისკენ ფეხით გაემართა. აღნიშნული ეკლესია გასულ ღამეს არეულობის დროს დემონსტრანტებმა დააზიანეს.
შეგახსენებთ, ამერიკაში აფროამერიკელი მოქალაქე ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების გამო ბოლო დღეებია საპროტესტო აქციები არ წყდება. აშშ-ს მასშტაბით 30-მდე ქალაქში ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა.
ამასთან, ვვაშინგტონში აქციების გამო კომენდანტის საათი გამოცხადდა. თუმცა გამოსვლები არ შეჩერებულა. აქციები აშშ-ის დედაქალაქში და სხვა ქალაქებში უკვე შვიდი დღეა გრძელდება.