“რაღაც მომესმა, რომ ზოგიერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ფეისბუქლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდა პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვისკენ.
„პირბადე იმიტომ არის ერთჯერადი ხმარების ატრიბუტი, რომ ის ერთჯერადად, ერთმა ადამიანმა უნდა მოიხმაროს. რაღაც მომესმა, რომ ზოგერთ სამარშრუტოში პირბადეებს მძღოლი არიგებს და მერე უკან იღებსო. ამის გაკეთება დანაშაულია, პირდაპირ გეტყვით, ეს არის დანაშაული და ის უნდა აღიკვეთოს შესაბამისი ორგანოების მიერ.
ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა კოვიდთან ბრძოლაში არის ერთ-ერთი მთავარი სოციალურ დისტანცირებასთან ერთად. პირადი ჰიგიენის დაცვა არის სწორედ ერთჯერადი პირბადის გამოყენება და ის არ შეიძლება სხვამ გამოიყენოს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
შეგახსენებთ, მარნეულში მძღოლმა მგზავრებს პირბადეები ათხოვა და ჩასვლისას უკან დააბრუნებინა – ამის შესახებ ინფორმაცია “რადიო მარნეულმა“ 29 მაისს გაავრცელა.