ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეიდან კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტების მკურნალობის მეთოდიდან პრეპარატ “პლაქვენილს“დროებით ამოიღებენ.
როგორც ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, “პლაქვენილის“ გამოყენება იქამდე შეჩერდა, ვიდრე მედიკამენტთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია საბოლოო დასკვნას არ დადებს.
“ვინაიდან საქართველო მონაწილეა კვლევის და იგივე დიზაინით უნდა ვიმუშაოთ, რითაც მუშაობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ჩვენ დროებით შევაჩერეთ „პლაქვენილის“ გამოყენება, დროებით, სანამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია არ დადებს საბოლოო დასკვნას”, – განაცხადა ცერცვაძემ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის შესაძლო სამკურნალო პრეპარატების კვლევიდან მედიკამენტი “ჰიდროქსიქლოროქინი“ („პლაქვენილი“) დროებით ამოიღო. “სოლიდარობის კვლევიდან“ აღნიშნული პრეპარატის ამოღების მიზეზი სამედიცინო გაზეთ „ლანცეტში“ გამოქვეყნებული ინფორმაცია გახდა, რომლის მიხედვითაც, ვინც “პლაქვენილს“ იღებდა, გულის პრობლემებით მათი გარდაცვალების რისკი იზრდებოდა.