ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშლილმა  თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ყოფნის დროს, სადაც მათ დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, ქვეყანაში კორონავირუსის ფონზე შექმნილ ვითარებაზეც ისაუბრა.

ზურაბიშვილის განცხადებით, ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში მინიმუმამდე იყო დაყვანილი.

ამის შესახებ პრეზიდენტმა ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე განაცხადა, სადაც დღევანდელ დღესტან დაკავშირებით მთავარი ღონისძიება ტარდება.

მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება.

“ადამიანის უფლებების შეზღუდვა, რომელიც თავისთავად ახასიათებს საგანგებო მდგომარეობას, ჩვენს შემთხვევაში, მინიმუმამდე იქნა დაყვანილი, გადაადგილების უფლება შეიზღუდა მხოლოდ ნაწილობრივ და სადაც აუცილებელი იყო, არ გამოცხადებულა სრული კარანტინი, არ შეზღუდულა სიტყვისა და გამოხატვის აღმსარებლობის თავისუფლება, რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ უპირველესი მნიშვნელობა მივანიჭეთ ადამიანის სიცოცხლეს. თვით საგანგებო მდგომარეობა დროულად გაუქმდა და ამდენად შეთანხმებისამებრ, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და არჩევნების ჩატარება არ დაგვიანდება,”- აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, საამაყოა, რომ საზოგადოებამ ბოლომდე გაითავისა შეზღუდვების აუცილებლობა და მოწოდების სიმაღლეზე დადგა.

დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.

იტვირთბა....