დღეს, 26 მაისს საქართველოში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება.
1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო, შედეგად საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს. 1918 წლის 26 მაისს მიიღეს “საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი“.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ არსებობა არასრული სამი წლის თავზე, საბჭოთა რუსეთის მიერ განხორციელებული ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. ხოლო, საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.
მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნი მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. თუმცა, საქართველოს 26 მაისი საზეიმო ღონისძიებით თავდაცვის ძალების ყველა ქვეით ბრიგადაში აღინიშნება.
მთავარი ღონისძიება ვაზიანში, მე-4 მექანიზებული ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გაიმართება. თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიულოცავენ.
ოფიციალური ღონისძიების დაწყებამდე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები პატივს მიაგებენ საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების ხსოვნას და ბრიგადის ტერიტორიაზე არსებულ მემორიალს ყვავილებით შეამკობენ.
სამწყობრო მოედანზე დისტანციის დაცვით მოწყობილ სამხედროებს სიტყვით მიმართვას საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე და თავდაცვის მინისტრი.
საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდგომ, გამოფენილი სამხედრო ტექნიკისა და ინვენტარის დათვალიერება იქნება შესაძლებელი.
დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით თავდაცვის ძალების დასავლეთ და აღმოსავლეთ სარდლობების სხვადასხვა ქვედანაყოფშიც გაიმართება. სამხედრო ბაზებზე თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს უმასპინძლებენ.