ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ქართულმა ოცნებამ” საკუთარი თავი გააუქმა” – კახიძე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონზე

“ევროპული საქართველოს” წევრის, ოთარ კახიძის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონის მიღებით, ფაქტობრივად, საკუთარი თავი გააუქმა და საკუთარი უფლებამოსილება მთავრობას გადაულოცა.

კახიძის თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება პარლამენტის უფლებამოსილებაა და საპარლამენტო კონტროლი კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, შესაბამისად, არ შეიძლება, მთავრობისთვის შემზღუდავი უფლებებით სრულად დელეგირება.

„ეს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, თუმცა ივანიშვილის კონტროლის ქვეშ მოქმედმა საკონსტიტუციო სასამართლომ რომ ეს ნორმა შეაჩეროს, ან გააუქმოს, ნაკლებად მოსალოდნელია. შეგახსენებთ, ე.წ. მოსმენების არაკონსტიტუციური კანონი ზაზა თავაძეს დღემდე თაროზე აქვს შემოდებული. ნაკლებად მგონია, რომ სარჩელს პერსპექტივა ჰქონდეს, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია, ყველა ღონისძიება იყოს გამოყენებული. კონსტიტუციის თანახმად, საგანგებო მდგომარეობას აცხადებს მხოლოდ პარლამენტი. მხოლოდ საგანგებო ან საომარი მოქმედებების დროს არის შესაძლებელი ადამიანის ფუნდამენტური უფლებების საგამონაკლისო წესით შეზღუდვა, ოღონდ, ამაზე ვრცელდება საპარლამენტო კონტროლი. „ქართულმა ოცნებამ“ რაც გააკეთა, ფაქტობრივად, საკუთარი თავი გააუქმეს და ეს პრეროგატივა მთლიანად მთავრობას გადაულოცა, რაც კონსტიტუციის დარღვევაა.

მათ შეეძლოთ, საპარლამენტო კონტროლი დაეტოვებინათ, თუნდაც, ამ შეზღუდვებისთვის ჯანმრთელობის შემზღუდავი სიტუაცია დაერქმიათ, მაგრამ დატოვებულიყო საპარლამენტო კონტროლი. ანუ, მთავრობა მოსულიყო ჩვენთან და ნებართვა აეღო. უმრავლესობა პოლიტიკური უთავმოყვარეობის რეკორდებს ხსნის. ჯერ საკუთარი ინიცირებული კონსტიტუციური პროექტი ხომ ჩააგდეს, ახლა საკუთარი თავი გააუქმეს და მთავრობას ეუბნებიან, აღარ გვკითხოთ და უფლებები თქვენს ნება-სურვილზე მოარგეთო. ეს არის ახალი სიმაღლე, რომელიც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ დაიპყრო. შეიძლებოდა, პროექტში ჩაეწერათ, რომ მთავრობა საკუთარი ნება-სურვილით კი არ აცხადებს შეზღუდვებს, არამედ კვირაში ერთხელ, პარლამენტში მოდის და ნებართვას ითხოვს, შეზღუდვების გასაგრძელებლად, რომ ამას საგანგებო მდგომარეობა არ ჰქვია.

არ შეიძლება, პარლამენტმა მთავრობას საკუთარი უფლებამოსილება მისცეს. ეს არის საკუთარი თავის უპატივცემულობა, თორე, საგანგებო მდგომარეობა და საომარი მდგომარეობა არის საფრთხეების წინააღმდეგ კონსოლიდაცია რომ მოხდეს. კონსტიტუციაში ამიტომ გვიწერია და რამე განსხვავებული ხომ არ ხდება? საპარლამენტო კონტროლი წერია, რადგან ადამიანებმა საკუთარი უფლებების შეზღუდვა მიანდეს თავის მიერ არჩეულ დეპუტატებს. ეს დეპუტატები ახლა კონსტიტუციის დარღვევით, მთავრობის დელეგირებას ახდენენ და იუქმებენ საკუთარ ფუნქციას, ამაზე დიდი უთავმოყვარეობა რა უნდა იყოს პოლიტიკურად, გარდა იმისა, რომ კონსტიტუციურად სამართლებრივი დარღვევაა, ვერ წარმომიდგენია”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე “საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტის შესწორებული ვერსია წარადგინეს, რომლითაც მთავრობას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება შეეძლება.

იტვირთბა....