იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ 15 ივლისამდე ისეთი თავშეყრის გამართვა, როგორიცაა ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები იკრძალება.
ოხანაშვილმა იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით ისაუბრა, რომლის დაწესების საშუალებასაც კანონი მთავრობას აძლევს.
„დღეს, ღამის თორმეტ საათზე სრულდება საგანგებო მდგომარეობა. შესაბამისად, ხვალიდან ჩვენ ვიწყებთ განსხვავებულ რეჟიმს, ვიდრე ეს იყო საგანგებო მდგომარეობის პირობებში. თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია, ის რეკომენდაციები იყოს დაცული, რომელიც აუცილებელია პანდემიის პირობებში. შეზღუდვებს რაც შეეხება, რომელიც ჩვენს მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის შედეგად, ხვალიდან იქცევა კანონად, შეეხება მიმოსვლის თავისუფლებას, შესაძლებელია, შეეხოს საკუთრების უფლებას, აქ მნიშვნელივანია, რომ შეზღუდვები არის დროებითი, 15 ივლისამდე მოქმედი, რათა ჩვენ უზრუნველვყოთ საზღვარგარეთიდან ჩამოსული პირის გადაყვანა საკარანტინო სივრცეში, ვინაიდან ასეთი პირები შესაძლებელია იყვნენ რისკ- ჯგუფში და ჩვენ ვერ მივცემთ თავს უფლებას, რომ ისინი უკონტროლოდ დავტოვოთ და შევქმნათ დაავადების გავრცელების რისკი. ასევე, ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ჯერ კიდევ, 15 ივლისამდე ისეთი თავშეყრის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, იმისთვის, რომ დავიცავთ ჩვენი საზოგადოების ჯანმრთელობა,”- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.