თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, შეუძლებელია, კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანი კორონავირუსით ხელმეორედ დაინფიცირდეს.
აღნიშნულით მარინა ეზუგბაია ჟურნალისტებთან ნფექციური საავადმყოფოდან გაწერილი პაციენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის ტესტმაც კვლავ დადებითი პასუხი აჩვენა.
როგორც ეზუგბაია აღნიშნავს, განმეორებით დაავადება მაშინ ხდება, როცა პაციენტს კლინიკური ნიშნები, ანუ დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება.
ხოლო, როცა ადამიანს ასეთი კლინიკური ნიშნები არ აქვს, ეზუგბაიას თქმით, დადებითი ტესტირების მიუხედავად, ის არაა დაავადებული და არც გავრცელების საშიშროებას წარმოადგენს.
“პაციენტი, რომელიც საკარანტინო სივრცეშია მოთავსებული, იქ შეუძლებელია, მოხდეს პაციენტის თავიდან ინფიცირება ან რეინფექცია.
რეინფექცია ნიშნავს, რომ ამ პაციენტთან აუცილებლად უნდა გამოვლინდეს კლინიკა. ანუ, დაავადების გამოვლენა სხვადასხვა სიმპტომებით, განახლება თავიდან. როცა ასეთი კლინიკა არ გვაქვს, 14 დღის გავლის შემდეგ, როცა პაციენტს ვუტარებთ ტესტირებას და მიღებული გვაქვს დადებითი პასუხი, ეს არ ნიშნავს რომ პაციენტი არის დაავადებული იმიტომ, რომ ეს არის არაცოცხალი ვირუსის ნარჩენები. ეს ნარჩენები არ არის სიცოცხლისუნარიანი. ანუ, ინფექციურობის უნარი არ აქვს. ეს ნიშნავს, რომ ამ პირიდან სხვა პირზე გადადება არ ხდება, ეს პირი ინფექციის წყაროს არ წარმოადგენს“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.
ცნობისთვის, საჩხერის სამედიცინო ცენტრში, მამაკაცს კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა. მამაკაცმა კორონავირისზე ერთხელ უკვე იმკურნალა და საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ორკვირიან თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, რა დროსაც ვირუსის სიმპტომები დაუფიქსირდა. საჩხერის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი, კორონავირუსი მეორედ დაუდასტურდა.