მთავარი ციტატა

“პარტიული მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი და ეს ეპოქა დგება”

“მთელმა ამ პერიოდმა ანახა ერთი მნიშვნელოვანი რამ – ოპოზიციის მჭიდრო კოორდინაციას, ოპოზიციის ერთსულოვნებას ფუნდამენტურ საკითხებში ალტერნატივა არ აქვს და ეს არის გამარჯვების და ცვლილებების წინაპირობა. ჩვენ ფუნდამენტურად მოგვწონს თუ არ მოგვწონს, შევდივართ ახალ ეპოქაში, ეს ახალი ეპოქა მომდევნო 10-15 წლის განავლობაში და ჩვენი პოლიტიკური თაობის ამოცანაა, რომ პროპორციულმა სისტემამ იმუშაოს და ხალხს მშვიდობა, სტაბილურობა და კეთილდღეობა მოუტანოს, არა ქაოსი და უბედურება, როგორც ახლა „ქართული ოცნება“ და მისი სხვადასხვა წარმომადგენელი ეუბნება, რომ პროპორციული უბედურება იქნება.  ამიტომ პარტიული მრავალფეროვნება არის მნიშვნელოვანი, ეს ეპოქა დგება , რომ პარტიები ერთმანეთს ჩაქუჩებით კი არ უნდა ურტყამდნენ, თანამშრომლობით უნდა იყვნენ. ამიტომ, პროპორციულ ნაწილში იქნება  მრავალფეროვნება და მაჟორიტარულ ნაწილში იქნება შეთანხმება, მაქსიმალური კოორდინაცია. ეს არის გამარჯვების ბილეთი და ხსნა.”

გიგი უგულავა – “ევროპული საქართველოს“ წევრი

ამის შესახებ უგულავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ მას შემდეგ რაც ხელისუფლება 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებაზე უარს ამბობდა, ოპოზიციურმა პარტიებმა შეხვედრები განაახლეს.ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტის ყველა პირობის შესრულებას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ.

ხელისუფლებამ შეთანხმების პირობები ნაწილობრივ შეასრულა. კერძოდ, 15 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების აქტი, გამოსცა და გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა. ოპოზიცია გიორგი რურუას გათავისუფლებასაც ითხოვს. თუმცა, დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოსამართლემ ​”მთავარი არხის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი გიორგი რურუა პატიმრობაში დატოვა.

 

იტვირთბა....