დედაქალაქის მერი კახა კალაძე მეტროს სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ოპონენტის ბრალდებას პასუხობს, რომლის თანახმადაც დასაქმებულ კომპანიებს გამოცდილება არ აქვთ.
ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კონკრეტული ტენდერი, რაზეც ოპოზიციას ბრალდებები აქვს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა., სადაც თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა.
“როგორც ჭავჭავაძის გამზირთან მიმართებით მოგხვდათ “სიმართლის მუშტი” ცხვირ-პირში, იგივე მოგხვდებათ ახლაც. ეს კონკრეტული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. ესაა აზიის განვითარების ფონდის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტი, სადაც ტენდერში თურქულმა კომპანიამ გაიმარჯვა. თურქული კომპანია არის ის, რომელსაც ჩვენთან აქვს ვალდებულება, სამუშაოები შედგეს ხარისხიანად”, – განაცხადა თბილისის მერმა.
“ნაციონალური მოძრაობის წევრი” ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მეტროსადგურების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ის კომპანიები ახორციელებენ, რომლებსაც მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობის გამოცდილება არ აქვთ.
მისივე ცნობით, მაღალი ძაბვის კაბელებთან მუშაობენ ყოფილი ფეხბურთელები, მაგალითად, გიორგი ნემსაძე, ან ტარიელ ხეჩიკაშვილი და მასთან დაკავშირებული კომპანიები.