ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მშობლების მხრიდან გამოიკვეთა არასათანადო მოპყრობის, უგულებელყოფის შემცველი ფაქტები, რის გამოც სპეციალისტებმა ბავშვის ოჯახიდან გაყვანაზე გადაწყვეტილება მიიღეს”- ჯანდაცვის უწყება

ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე დღის წინ რეფერალურ საავადმყოფოდან სოციალური მუშაკებიც მიერ ახალშობილის გაყვანის ფაქტზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც სამინისტროს განცხადებაში წერია,  ახალშობილის გაშვილებაზე ინფორმაცია სიმართლეს არ სეესაბამება და ის  მისი ინტერესების დაცვიდან გამომდინარე სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ იმყოფება.

უწყების ცნობით, სოციალური მუშაკების მუშაობის შედეგად, მშობლების მხრიდან გამოიკვეთა  არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები, რის შედეგადაც მიღებულ იქნება გადაწყვეტილება  ახალშობილის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე.

განცხადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს.

“სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო, მიმდინარეობდა ინფორმაციის გაცვლა სამედიცინო დაწესებულებასა და სააგენტოს შორის, შეფასებული იქნა რისკები და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, კანონის მოთხოვნების სრული დაცვით, მოხდა ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში გადაყვანა. ოჯახი ცხოვრობს მძიმე სოციალურ პირობებში. შეფასება განხორციელდა საქმეში ჩართული სოციალური მუშაკების მხრიდან, გამოიკვეთა მშობლების მხრიდან არასათანადო მოპყრობის, ბავშვის უგულებელყოფის შემცველი ფაქტები და სხვა ის გარემოებები, რომლებზე დაყრდნობითაც სპეციალისტების მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ბავშვის ოჯახიდან განცალკევების თაობაზე. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ ახალშობილის მშობლებს.

ოჯახი ჩართულია რამდენიმე სახელმწიფო პროგრამაში და სააგენტო გაძლიერებულ მონიტორინგს აწარმოებს ოჯახში დარჩენილი ორი არასრულწლოვანის მდგომარეობაზე. ახალშობილი ამჟამად იმყოფება სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ და მის გაშვილებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ბავშვის ოჯახიდან გამოყვანა არის უკიდურესი ზომა და აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად მნიშვნელოვანი რისკის შემცველი გარემოებები უდევს, თუმცა ვინაიდან საქმე შეიცავს კონფიდენციალურ ინფორმაციას, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას განმარტოს საქმეში არსებული დეტალები”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მარიამ გეთიაშვილმა რეფერალურ საავადმყოფოში იმშობიარა, თუმცა შვილი სახლში არ გაატანეს და ახალშობილი სოციალურმა სამსახურმა შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანა.

დედა ამბობს, რომ ბავშვი ნაადრევად გაჩნდა, ამიტომ რამდენიმე თვე სამშობიაროში უნდა დარჩენილიყო. ბავშვის ოჯახი ასევე ვარაუდობს, რომ მიზეზი, რის გამოც შესაძლოა სოციალურმა სამსახურმა ახალშობილი უნებართვოდ წაიყავანა, მათი სოციალური მდგომარეობა იყოს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ ხელი არაფერზე მოუწერიათ და შვილის დაბრუნებას ითხოვენ.

იტვირთბა....