“დღეს არც რცხვენიათ და სიტყვა პატიმარს ისე ახსენებენ, რომ არცერთს ნერვი არ უტოკდება. მე მათ ადგილას, სიტყვა პატიმარს სირცხვილით საერთოდ აღარ ვახსენებდი, მაგრამ, რა თქმა უნდა, მათ ამას ვერ მოვთხოვთ, ვერც სინდისს და ვერც მით უმეტეს, პოლიტიკურ სინდისს. ჩვენ ალბათ, უნდა გავიხსენოთ, რა ტიპის ტყუილებზე წამსვლელი არიან ეს ადამიანები, რომლებმაც მაგალითად, მოდელირებული რეალობები მრავალჯერ შესთავაზეს ჩვენს საზოგადოებას, როცა პასუხისმგებელი პირები იყვნენ და რაღაცის მართვაზე ჰქონდათ პრეტენზია. სავარაუდოდ, ეს პოლიტიკოსები, უცხოელები, მაგრამ პოლიტიკოსები, უნდა მოვიაზროთ, რომ არიან ჩვენთან პოლიტიკურად დაპირისპირებულ პოლიტიკოსთა გულშემატკივრები. სხვა ახსნა ამას არ აქვს.”
თეა წულუკიანი – იუსტიციის მინისტრი
ამის შესახებ თეა წულუკიანმა „მოამბის“ ეთერში პოლიტპატიმრების თემაზე საუბრისას განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში საერთაშორისო პარტნიორები “ქართულ ოცნებას” 8 მარტის შეთანხმების პირობების შესრულებისკენ მოუწოდებენ. დასავლელი პარტნიორები აცხადებენ, რომ ისინი პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას ელოდებიან.
ამ საკითხზე ოპოზიციურმა პარტიებმა მოლაპარაკებები განაახლეს. პარტიის ლიდერებმა ერთობლივი განცხადებაც შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც პირობების შეუსრულებლობაზე მთლიან პასუხისმგებლობას ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს აკისრებენ.