ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას”- ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება შეიმუშავა

ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა ერთიანი განცხადება შეიმუშავეს, სადაც ნათქვამია, რომ 8 მარტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა პირადად ბიძინა ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება.

ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეთანხმება გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მნიშვნელოვანია, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს, რისთვისაც აუცილებელია აღნიშნული პირობების შესრულება.

ამასთან, პოლიტიკური პარტიები განცხადებაში ხაზს უსვამენ, რომ თუ ხელისუფლება ამ პირობებს არ შეასრულებს, ეს ქვეყანას დააზიანებს იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება.

„დღეს როცა საქართველო covid 19-ის ეპიდემიისა და ეკონომიკური კრიზისის დროს, ურთულესი გამოწვევების წინაშე დგას, მნიშვნელოვანია რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები მშვიდ, ნორმალურ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდეს. ეპიდემიასა და ეკონომიკურ კრიზისს წინ უმწვავესი პოლიტიკური კრიზისი უსწრებდა, რომელიც ხელისუფლების ნაბიჯებმა გამოიწვია. საერთაშორისო მეგობრების დახმარებით მოხერხდა შეთანხმების მიღწევა, რაც გულისხმობდა საარჩევნო მოდელის კომპრომისულ ვარიანტსა (120/30) და გავრილოვის ღამის შემდეგ დაკავებული პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების გათავისუფლებას, ხოლო მიმდინარე საქმეების შეჩერებას. შეთანხმების ტექსტშივე მითითებული იყო კონკრეტული მექანიზმები, თუ რა გზებით იყო შესაძლებელი პოლიტპატიმრების საკითხზე შეთანხმების აღსრულება – კერძოდ, პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებამოსილება, როგორსაც მხოლოდ შეწყალება წარმოადგენს.

ამ შეთანხმებას ხელი მოაწერა ყველამ, გარდა „პატრიოტთა ალიანსისა“, რომელმაც ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზად საჯაროდ დააფიქსირა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე შეთანხმება – მათ შორის რურუას, ოქრუაშვილის და უგულავას საქმეები.

შეთანხმების ორივე ნაწილის შესრულების მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს მოლაპარაკებათა შუამავლებმა, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებმა და ასევე საქართველოს სხვა მეგობრებმა, მათ შორის აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარემ, რიშმა, კონგრესის საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ კინსინგერმა და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარემ, ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.

პოლიტპატიმრების არგამოშვების შემთხვევაში, საარჩევნო სისტემის მორიგ ჯერზე ვერშეცვლაზე სრული პასუხისმგებლობა პირადად ივანიშვილსა და მის გუნდს დაეკისრება. პოლიტპატიმრების არგამოშვება ნიშნავს, ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების მთლიანად ჩაშლას. ამ პირობებში ის ოპოზიციური ფრაქციები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იყვნენ, გააგრძელებენ საპარლამენტო ბოიკოტს.

ივანიშვილის მიერ ამ შეთანხმების არშესრულების შემთხვევაში დაზიანდება საქართველო. იმ დროს როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მეგობრებისგან ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროში დახმარების მიღება. ამ ყველაფერზე პასუხისმგებელი იქნება ივანიშვილი. ამ პირობის დარღვევა მას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მარცხისგან ვერ იხსნის.

ჩვენი ამოცანაა, რომ ეს შეთანხმება შედგეს. ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ცვლილება საქართველოში, მხოლოდ მხოლოდ კონსტიტუციურ ფარგლებში და მშვიდობიანად განხორციელდეს, რათა საქართველო დემოკრატიული განვითარების თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდეს და ხელისუფლება არჩევნების გზით მეორედ შეცვალოს , – ნათქვამია ოპოზიციის ერთიან განცხადებაში.

იტვირთბა....